დიქტატურის შიში

აგერ თვეებია, დიქტატურის შიშიც გავიგე, რა ყოფილა. დიქტატურა ჩემში მყისვე თავისუფალი აზროვნების დაკარგვის შიშთან შეწყვილდა და გამაცია კიდეც. ბებიები და დედები რასაც გვიყვებოდნენ, წარსულში არა და არ დარჩა. ფსიქიატრიულ კლინიკაში პოლიტიკური მიზნებით თავისუფალი ადამიანის გამოკეტვა ისევ იარაღად იქცა, ციხის საკნები აღარ ეყოთ უდანაშაულო ადამიანების გამოსაკეტად. დიქტატურა ისევ აქ არის…

შიშმა ბევრი მაფიქრა და ბევრი პასუხგაუცემელი კითხვაც დამიტოვა. ვეკითხებოდი საქართველოს ჰაერში ვითომ არსებულ ღმერთს, განა რა ვერ შევძელით ჩვენ, როგორც ერმა ერთად, რა ვერ განვავითარეთ ჩვენში, რომ ვერ გამოვდივართ ბნელი წრიდან; რა ვერ შევიყვარეთ ერთმანეთი ერთსულოვნების მისაღწევად, არადა საკმაოდ კოლექტივისტური საზოგადოება კი ვართ. თითქოს რაღაცას მივედ-მოვედებით, განათლების მიღებას ვცდილობთ, ქვეყანას ვტოვებთ გონების გასახსნელად და მაინც სიბნელეში ვცხოვრობთ.

მერე კი მივხვდი, ეს სიბნელე ახლა კი არ ჩამოდგა, თვალი არც გაგვიხელია სინათლის დასანახად, საღათას ძილი არც კი დაგვისრულებია. თითქოს მანამდე ერთი თვალით გამოვიჭყიტეთ, მაგრამ მაინც ძირფესვიანად ისევ დავხუჭეთ. გაიღვიძეო, დღეს ერთი უყვირის მეორეს, მეორემ ისიც კი არც იცის, რომ სძინავს, თუმცა მაინც ბრუნდება კედლისკენ ძილის გასაგრძელებლად.

როდის იღვიძებს ადამიანი, ვეკითხები ისევ ჰაერში გაფანტული ღმერთის ნაწილაკებს. რაც მე მინახავს, გამოღვიძება ძირითადად დიდი გადატრიალების შემდეგ იწყება ხოლმე ინდივიდში, ახლა კი ვფიქრობ, განა ერის გამოღვიძებაც ამ გზას უნდა დაადგეს? აბა ილიას და ვაჟას შეძახილებმა ვერ გააღვიძეს და… ალბათ საკუთარ კანზე უნდა გამოსცადოს ყველამ, თითოეულმა მათგანმა? კი მაგრამ, ეს ხომ უკვე გაიარეს ბებოებმა და დედებმა? რატომ ვეღარ ცნობენ იგივეს ახლა, ვითომ დაავიწყდათ? თუ ფიქრობენ, ერთხელ თუ გადავრჩით, მეორედაც გადავრჩებითო? ტვინს ვიჭყლეტ, რა არის ეს ძილის  მომგვრელი? ვითომ იმედი? ვითომ ბედნიერი ცხოვრების ვერდათმობა? ვითომ საკმარისი დოვლათის ქონა? არადა გაიხედ-გამოიხედები და ვერც ერთს ვერ იპოვი ერში, როგორც მთლიანობაში, იპოვი მხოლოდ ფესვგადგმულ აგრესიას და სხვისი ცხოვრებით ცხოვრებას. ზარმაცები ვართო, მაშინ რომ თქვა ილიამ, არ ვეთანხმები ბოლომდე. ფუჭ თავთავს უფრო მივამსგავსებდი მთელს საზოგადოებას, როგორც ერთად აღებულს, არაფერი რომ არ არსებობს შიგნით და გარეთ ფასადი კი კარგად შემოუცვია სიცარიელის დასამალად. ხოდა, კიდევ ვეკითხები იმ რაღაცას ჰაერში, ეს სიამაყე და ამპარტავნება საიდან მოდის? სიცარიელით თავის მოწონება რომელმა ასწავლა ნეტავ, შოთამ თუ გრიგოლ ხანცთელმა, დიდის ამბით რომ დაათრევენ მათ განძს თაობიდან თაობაში? ჩემი განცდით კი, დღეს მთელი ერი არასრულფასოვნების კომლექსით ვართ დაავადებული. პატარა, არაფრისმაქნისი და არაფრისშემქმნელი ერი, რომელიც თვითდამკვიდრებას მძინარე ცდილობს, სად, ეგეც რომ არ იცის.

ხოდა, იქნებ ისევ ახლიდან გვაქვს ყველაფერი დასაწყები? იქნებ ისევ ისე, თავიდან უნდა მოგვიჭირონ და გადაგვატრიალონ დიქტატურით, რომ ერთხელ და სამუდამოდ გაგვაღვიძონ? და აი, ამ დროს მესმის ჩემივე ხმა….

განა ის მაინც ვიცით, გამოღვიძება რას ნიშნავს და ეს როგორ უნდა შევძლოთ?

როგორც ერმა … არა მგონია!!!

ვიღაც-ვიღაც ერთი-ორმა … კი ნამდვილად, მაგრამ მათი მცირე ხმა ვერ სწვდება ხალხის ყურს, ეკლესია ჯერ კიდევ იავნანას უმღერის ძილის შესაბრუნებლად…..

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *