ისევ ადრე გაღვიძება. ყავა და სიგარეტი. ექიმთან და ფსიქოლოგთან საუბრის მოლოდინი. ნეტა გამართლდება? ექნებათ დრო და ნერვი ჩემი ჩივილების მოსასმენად? არადა ეს ეხლა როგორ მჭირდება, არავინ იცის… მე ხომ აუტანელი ფიქრები და განცდები მტანჯავენ. მე ხომ დემონები მებრძვიან. ამის გამოუთქმელობა როგორ შეიძლება?! ტირილამდე მინდა ვიკივლო, ვიღრიალო, ხალხო დამეხმარეთ, ხალხო მომისმინეთ, მე თქვენი დახმარება მჭირდება-მეთქი.
მე თავად ვეღარ ვანსხვავებ, რა არის რეალური და რა – დეპრესიისგან გაჟღენთილი სუბიექტური რეალობა. მინდა ვიცოდე, რა მჭირს. განა მჭირს კი რამე? თუ უბრალოდ ასეთი მწვავე რეაქცია დამასწავლა ცხოვრების გზაზე შემხვედრმა ტრავმებმა? ყველაფერი უკვე ამას მახსენებს. მედდის სუნამოს სუნი, რომელიც მტანჯველ მოგონებებს აფხიზლებს. თან მხოლოდ ინფორმაციულად კი არა, გრძნობითაც და მე ამის ატანა უკვე აღარ შემიძლია. ყოველ ფეხის ნაბიჯზე ტრავმების შეხსენებით ვიტანჯები. ტრავმები, რომლებსაც მთელი ეს განვლილი წლები გულმოდგინედ ვჩქმალავდი სადღაც, არაცნობიერის რომელიღაცა უჯრაში. მაგრამ, რა ვიცოდი, რომ ტრავმა ჩემს ცხოვრებას შორიდან, თავის შეხსენების გარეშე, არ ჩაუვლიდა თურმე.
მახსენებს დედას, მის ძაალადობრივ ქმედებებს ნებით თუ უნებლიედ, მახსენებს მამას და მის მიმართ ნაგრძნობ გამუდმებულ შიშს. მახსენებს მის გარდაცვალებას, თან მხოლოდ სიფხიზლეში კი არა, სიზმრებშიც კი. მახსენებს ურთიერთობებში განცდილ ტკივილს, იმედგაცრუებას, შიშებს. მაგრამ ეს გახსენება ისეთი არ გეგონოთ მოგონებას რომ გავს. არა!!!!! ეს გახსენება ბოროტია. მთელს ტანს ისე მიშეშებს, რომ ვეღარც ვინძრევი და ვეღარც
ვლაპარაკობ. მხოლოდ იმ ტკივილის სამყაროში მისვრის, სადაც სიძულვილის, სევდის, შიშის გარდა არაფერი არსებობს. გადის 15 წუთი და მეც ვბრუნდები დედამიწაზე, მაგრამ
ბრძოლით დაღლილი და განადგურებული. ადამიანების შეშინებულ სახეებს ვხედავ,
რომლებიც ამ განსვენებას შეესწრნენ, მაგრამ ჩემი უნარი, მათ ნუგეშის ვცე, სრულიად გამქრალა სადღაც. მინდა ვუთხრა ნუ გეშინიათ, მე დავბრუნდი, მაგრამ სად არის სიტყვები? სიტყვებს მხოლოდ ამოხეთქილი ტირილი ცვლის. როდის დამთავრდება??? ალბათ არც არასდროს, მაგრამ შემსუბუქება მაინც ხომ შეიძლება? სად ხარ ნუგეშო, სად
ხარ კეთილო დახმარებავ, რამდენი ხანიღა უნდა გელოდო?…
თავზე დამათენდა ისევ წერაში. ახლა საუზმის დროა, მედდები კარებს შეაღებენ ოთახებში და თანამცხოვრებლებს შეაღვიძებენ. წამლებით ჩაძინებული თანამცხოვრებლები კი ძლივს წამოწევენ თავს ლოგინიდან და იკითხავენ თავისთვის: კიდევ ერთი დღე გათენდა და რისთვის? რისთვის უნდა ავდგე? რისთვის უნდა ვიყო ისევ ცოცხალი? რა აზრი აქვს ჩემს სიციცხლეს? ეს კითხვა კი აქ ყველას ებადება, ასაკის მიუხედავად. დეპრესიას ასაკი არ სცოდნია. მაინც მოდის როცა უნდა, გარდატეხის ასაკში, ზრდასრულობის თუ მოხუცებულობის ასაკში. ასე რომ ესეც მინიშნება. მე ყველა ასაკის თანამცხოვრები მყავს აქ. ისეთებიც, რომლებსაც ოდნავი ხელის გავარჯშებაც კი უჭირთ და იმისთვის იბრძვიან, რომ მკლავები როგორმე თავს ზემოთ აიტანონ. ასაკიანი ხარ უკვეო, რომ შეახსენებს თავიანთივე სხეული, დანანებით სკამზე ჩამოჯდებიან ხოლმე და სევდიანად გვიყურებენ დანარჩენებს, თუ როგორ ვიწელებით ხერხემალში და ხელებით ჭერს მივწვდეთ ვცდილობთ.
საინტერესოა აქ ცხოვრება, საინტერესო და ტირილამდე სევდიანი. რა ყოფილა ეს დეპრესია, სადამდე შეუძლიათ თურმე დემონებს გებრძოლონ და საკუთარ სიცოცხლეზე უარი გათქმევინონ. მაშინაც კი, როცა სადღაც, გულის კუნჭულში, სიცოცხლის სურვილი მაინც შეგრჩენია…
Leave a Reply