დრე პროდუქტიულად დაიწყო. შრომით თერაპიაზე ლამაზი ყელსაბამი გავაკეთე და კრეატიულმა მოქმედებამ თავი კარგად მაგრძნობინა. ვიფიქრე, რომ დღე კარგად ჩაივლიდა. როგორც წესი, ზუსტად ამ დროს ხდება ხოლმე უსიამოვნო მოვლენები. ფსიქოლოგებმა თემა შემოიტანეს სემინარზე: სტრესთან გამკლავების რეაქციები. ამაზე საუბარმა მორიგი დისოციაცია და ფლეშბექები გამოიწვია. განსაკუთრებით მაშინ, როცა სტრესის დამძლეველი სავარჯიშო შემოგვთავაზა ფსიქოლოგმა. ხელის კუთები უნდა დაგემასაჟებინა, თითიო-თითიოდ, თითიდან თითზე გადასვლებით. მერე ხელი უნდა
მოგედუნებინდა და მეორე ხელით დაგექნია. აი, ამ დროს ჩემი ხელები მკვდრის ხელები იყო… შემეშინდა… თვალთ დამიბნელდა და სხეულში ძალა წამართვა.
ფლეშბექი გაზლიერდა. ფეხზე მოახლოებული მანქანა ვიგრძენი და სიკვდილის შიშიც გამოჩნდა. 5 წლის ვიყავი. კვირა დღეს ეკლესიიდან გამოვდიოდი დედასა და ჩემს დიდ დასთან ერთად. გზა უნდა გადაგვეკვეთა და მორე მხარეს ავტობუსს დავლოდებოდით. დედამ ბეჯითად გაიხედ-გამოიხედა და ხელჩაკიდებულებს გვითხრა, რომ უკვე შეგვეძლო გზაზე გადასვლა. მაგრამ ზუსტადაც რომ ცუდი დრო შეურჩევია. მოსახვევიდან დიდი მანქანა გამოვარდა. ჩემმა დამ და დედამ ეს დაინახეს და უკან გადახტნენ. მე კი დედის დამჯერმა ბავშვმა წინ გავაგრძელე გზა. ხელი გამეშვა და მანქანას წინ გადავურბინე. მძღოლმა მანქანის დამუხრუჭება ჩემს ფეხებთან ახლოს მოასწრო. მაგრამ მოგვიანებით გავიგე მე მიმიცია ამის საშუალება. დიაგონალზე გავიქეცი და მას მანძილი მივეცი დასამუხრუჭებლად. ეს ყველაფერი გრძნობა დაკარგულმა გავაკეთე. ტვინმა აღიქვა სიკვდილის მოახლოება და გადარჩენის ინსტიქტმა ფეხები ამიმოძრავა. მე მხოლოდ მაშინ მოვედი გონს, შოკიდან რომ გამოვედი ვიღაცა კაცის ფეხებს ჩახუტებული. გონება დავკარგე, მაგრამ ფეხებმა გადამარჩინა. მანქანის მძღოლის ყვირილი მესმოდა მხოლოდ:
– ბავშვს რატომ არ აქცევთ ყურადღებას?
იქვე მყოფმა ადამიანებმაც დიდი განსჯით შემოგვხედეს, კომენტარები მოგვაძახეს და დარდიანად შემოგვასუნთქეს. მე დანაშაულის განცდა დამეუფლა შექმნილი სიტუაციის გამო. არადა მე ხომ დედას ხმას დავუჯერე. დედა ჩამეხუტა? არ მახსოვს, დედა მელაპარაკა ამის მერე? არ მგონია, არ მახსოვს. ამ ტავმის დამუშავება რომ არასოდეს მომხდარა, ეს ფაქტია. ამოხეთქა ახლა და გამახსენა, როგორია სიკვდილთან ახლოს ყოფნა. როგორია განცდა, სიკვდილს გაეცნო. იქნებ ამის ბრალია მე რომ სიკვდილის ფიქრები ასე ინტენსიურად მომდის? ვინ იცის, ტრავმა თერაპია ჯერ კიდევ არ დამიწყია.
სემინარის შემდეგ დაღლილი და განადგურებული ლოგინზე მივწექი. ვგრძნობდი, შემდეგი ტრავმა ტივტივდებოდა, მაგრამ არ ვიცოდი რომელი. შფოთვებმა შემიპყრო, არ ვიცოდი, რა განცდა მოდიოდა, რას მიმზადებდა ფსიქიკა. ვიარე, წრეები ვურტყი კლინიკის დერეფანს და ეზოს. ქარიშხალი კი ისევ მოსვლას აპირებდა, არ გადაუფიქრებია. ხოდა მოვიდა კიდეც. გამიშეშა სხეული ისევ, მაგრამ ამჯერად ცრემლებიც თავისით მოაყოლა. ძველი ტრავმების სურათებიც როგორც იქნა გამოჩნდა. ორი ჯარისკაცი დგას ჩემს წინ, იარაღგადაკიდებულები, მთვრალები და დაბოლილები. მთაში ვართ 2 700 მეტრზე. ჩვენს გარშემო არც ერთი ქვა მოიპოვებოდა, ეგ მაინც რომ ყოფილიყო თავდაცვის იარაღი. ერთმა ასე პირდაპირ და ურცხვად ჩემი გაუპატიურების სურვილი გამოთქვა. რა თქმა უნდა, გავშეშდი. რა თქმა უნდა, ვერ გავინძერი. ტანში გამცრა, გამაცია და მოძრაობის უნარი წამერთვა. ამ შემთხვევაში ფეხები ვერ დამეხმარნენ გასაქცევად. ტვინმა მიაწოდა ინფორმაცია, რომ გასაქცევი არსად იყო და არც დასამალი ადგილი იმ მოტიტვლებულ ალპურ ზონაში.
– ავშალოთ კარავი და წავიდეთ!!! – მესმის ჩემი პატარა ძმის ხმა მკაცრად და
გადაწყვეტით.
აჰ, ეგ გამოსავლადაც კი არ მომფიქრებია, ისე დავნებდი ბედს იმ წუთებში. მაღლა ავიხედე, ვიფიქრე, რომ მთვარეს ბოლოჯერ ვხედავდი. აჰ, და ისიც გავიაზრე, როგორ უნდა დამეცვა ჯარისკაცებისგან ჩემი პატარა ძმა და მეზრუნა იმაზე, რომ მას რაც შეიძლება მსუბუქი ტრავმა მიეღო. დავუჯერე, ავშალეთ კარავი და გასაქცევად მოვემზადეთ სოფლისკენ. 5 საათი ისევ ქვემოთ ვიარეთ ფერდობებზე ღამის შუქზე. ბედად, მეორე ჯარისკაცი უფრო ადამიანი აღმოჩნდა და დაგვეხმარა გამოქცევაში, თუმცა იმ განზრახვით, რომ მას შევრჩებოდი ბოლოს სოფელს მიახლოებისას. ეს კიდევ მეორე ვაის გავეყარე ვუის შევეყარე იყო.
სამყაროს ვუყვარვარ! გაზაში ორ სხვა ფხიზელ ჯარისკაცს გადავეყარეთ,
მორიგეობიდან ბრუნდებოდნენ სახლში და თავშესაფარიც მათთან ვიპოვეთ მე და ჩემმა პატარა ძმამ. გადავრჩით…
Leave a Reply