დღე ოცდამესამე

დიცოციაცია “სიძულვილი”,

დისოციაცია “მამის დაკარგვა”,

დისოციაცია “რას მერჩი”,

დისოციაცია “სხეულიდან გასვლა”

ეს იმ დისოციაციების სერიებია, რაც მკვეთრად მახსოვს ბოლო თვეების განმავლობაში. ფლეშბექებთან ერთად მოდიოდნენ და ძალას მართმევდნენ. ბოლო ერთი კვირაა, დაუღალავად ვერბრძვი. ვებრძვი განცდას, რომელსაც ეს დისოციაციები მიტოვებენ საჩუქრად და ისე მიდიან, კიდევ დავბრუნდებითო, გამუდმებით ჩამძახიან. ის საჩუქარი კი, რომელსაც მიტოვებენ, ბევრი ნაწილისგან შედგება: შიშის და ბრზის დაბლენდერებული ნარევი, დილაობით დასალევად გამზადებული, რომელიც სხეულს ისე ადუნებს და კეტავს, ადგომის ძალას ართმევს. თან ის ეფექტი აქვს, რომ შიგნიდან ღრღნის და არც გარეთ გამოდის.

მოითმინეო, ის ჩასახლებული დემონი ხითხითით ჩამძახის. ესაა ბრაზი, რომლითაც ივსება სხეულის ყოველი უჯრედი. ესაა ბრაზი, რომლსაც გარეთ გამოსვლა არ უნდა არას გზით, არც სპორტით, არც ხელსაქმით, არც საუბრით, არც სიჩუმით… იზრდება და იზრდება თითქოს ამოხეთქავს სადღაც კიდევ. ბრაზი, არსაიდან მოსული. ბრაზი, ჩუმჩუმად შემოპარული და დასადგურებული. ბრაზი.. ბრაზი.. ბრაზი…

მე კი საწყლად ვცდილობ გადავქექო არაცნობიერში ჩატენილი უჯრები და ამ ბრაზის საწყისი ვიპოვო. მაგრამ განა ამის ძალას მიტოვებს? მე მაინც მივცოცავ, ხელებზე დავარდნილი, იდაყვებს ვაბჯენ იტაკს, ჯერ ერთი ხელი ძლივს ძლივობით მიმაქვს წინ, პირველ ხელს, დიდი ამოსუნთქვა ჩასუნთქვის შემდეგ, მეორე იადაყვი მიჰყვება ოდნავ უფრო წინ, ალბათ ასე ერთი სანტიმეტრით მიიწევს წინ სხეული. ოჰ დავიღალე, არადა ახლა მუხლების გახოხიალების დროა. როგორღაც ვახერხებ პირველ უჯრამდე მივიდე. იქ მამას მიმართ ბრაზი მიდევს, ზიზღისა და შიშის ჩვეშ მონდომებით ჩამიკეცია. ზემოდან კი არნახული სიყვარული გადამიფარებია…

მისმა სიკვდილმა დამიტოვა ეს ვითომ სიყვარული და მისი სახე შემილამაზა მეხსიერებაში. ეს ილუზიური სიყვარულიც კი ვერ მეხმარება თურმე.

რა დამიტოვა იმისთვის რომ მე ამ დედამიწაზე ცხოვრება შემძლებოდა? რა მასწავლა, რომ მე ამ დედამიწაზე რამის შექმნა შემძლებოდა? არაფერი, ზიზღისა და შიშის მეტი. ხოდა ამოვაგლიჯე ეს სიყვარულის ნაჭერი და გვერდზე მოვისროლე. თუმცა კიდევ დავინახე რაღაც ძველი ნაჭერი არაცნობიერის უჯრაში, მაგრამ ვერ ვცნობდი. ხელში ავიღე შევეხე, გადავაბრუნე, სახეზე მივიდე იქნება კანმა მისი შეგრძნება გაიხსენოსთქო ვიფიქრე, მაგრამ არაფერი… შავი ფერის იყო. შავი ნაჭრებით ისედაც სავსეა ეს უჯრები და ნეტა რომელია ეს იქიდან, ვფიქრობდი?

არ დავნებდი და უკან გამოხოხებისას ხელით გამოვტანე. იქვე მდგარი დემონი ისევ ხითხითებს და ერთობა ჩემი ტანჯვით. “მაინც ვიპოვი” – კბილებში გამოცრით ვუთხარი და თან ახლა დავფიქრდი, დემონის შიში გამქრალა თითქოს. როგორ მეშინოდა არადა დემონების ბავშვობაში, ანგელოზებს ვუხმობდი ჩემთან მათგან დასაცავად. ახლა კი სად წასულან ის ანგელოზები? პირისპირ შემაჯახეს ამ დემონს და შორიდან მიყურებენ, თითქოს გამოცდაზე ვარ და ისინი ქულებს მიწერენ. მაგრამ ხომ ხედავთ ანგელოზებო, შემახვედრეთ და შემახვდრეთ, მე მაინც დავამარცხებ მას.

იმ საღამოს სახლში გამიშვეს. მეგობრებთან წასასვლელად გავემზადე. კეთილმა მეგობარმა თმა დამივარცხნა, პატარა ბავშვივით. ჩემმა დამ კი კაბა მომარგო.

– კარგად გაერთე – მეობრება ჩემი და

– კი, – ვეუბნები მეც ხმამაღლა, მაგრამ ჩუმად იმ დემონთან ერთან ვხარხარებ, ეს ხო არც მოხდება დღეს…

მეგობრებთან სანამ მივიდოდი სუნთქვა გახშირდა, და შფოთვაც მოვიდა. “როგორ შემხვდებიან” “რას იფიქრებენ” “რას წარმოვადგენ მათთვის”, გადი-გამოდიოდა ფიქრები ტვინში. შევედი, დივანზე დავვარდი და წყალი მოვითხოვე. სხვებიც მოვიდნენ… თითქოს დავბრუნდი იმ ოთახში და რა დავინახე… ის შავი ნაჭერი, უჯრიდან რომ წამოვიღე ნელ ნელა ირხეოდა. ეტყობოდა ძალას იკრებდა და საცაა ისე აშრიალდებოდა ვერც შევაჩერებდი. ახლაღა გამახსენდა… ეს ის ნაჭერია, მამამ რომ დამიტოვა და ამით მითხრა მოჩვენება ხარო.

ჰაა, შენ არ იყავი ის, ოთახში რომ შემოდიოდი და ზედ არ მიყურებდი ძვირფასო მამა? შენ არ იყავი, რომ მსწავლე, გინდა იქ ვმჯდარიყავი გინდა არა, ამას შენთვის მნიშვნელობა არ
ჰქონდა? შენ არ იყავი, რომ მასწავლე, როგორ ვყოფილიყავი მოჩვენება, უფერო, უხმო, უმოქმედო, გაშეშებული… განა შენ არ უთითებდი ღრიალით, თუ ეს მოჩვენება ოდნავ შეირხეოდა, თავისი გამჭვირვალე მდგომარეობა მიეღო და ენა ჩაეგდო? აი, რა წერია ამ შავ ტილოზე, შენ რომ დამიტოვე მემკვიდრეოობად: “შენ მოჩვენება ხარ, ვერავინ გხედავს, ვერავინ გაფასებს, არავის ადარდებ და არც რამეს წარმოადგენ, რომ გამოჩენად
ღირდე. იყავი მუდამ გამჭვირვალე და სხვებს ზედმეტად არ მოედო თვალებში”.

წყეულიმც იყავ, შენ ამის მომცემელო, ჩემი დაბადებისას სამყაროსგან მოცემული ღირებულების მომპარველო, თვითმარქვია მშობელო, რომელსაც არასდროს გიმშობელია. დაგავიწყდა როგორ უნდოდა მშობლობა? თუ ეს არც არასდროს იცოდი…

ბობოქრობდა ეს შავი ნაჭერი და მიმუქებდა თვალებს ჩემი მეგობრების დასანახავად. ყველა ამ ნაჭრის გავლით მოდიოდა ჩემამდე და მეც ბრძოლით დაღლილი, ეს ნაჭერი თვალიდან მომეცილებინა, დავნებდი და ფანჯარასთან მივედი. სიგარეტი ამოვიღე და გავაბოლე, იქნება და იმას ეშველა რამე. მე მაინც ვიხსენებდი რომ ჩემი მეგბრები ამ ნაჭრის გარეშეც მყავს ნანახი და ისინი სხვანაირები არიან ვიდრე ამ ნაჭრით. ვცდილობდი მე მათი ძველი სახე გამეხსენებინა რომ მათთან ურთიერთობა შემძლებოდა. ჩემს ცნობიერში კი დამახინჯებული სურათი მაინც აგრძელებდა არსებობსას, სადაც მე იქვე კუთხეში, გამჭვირვალე მოჩვენება, შურით ვაკვირდებოდი როგორ ილხენდნენ და ესიყვარულებოდნენ ჩემი მეგობრები ერთმანეთს უჩემოდ.

სხეული მექანიკურად აგრძელებდა მოქმედებას. მეგობრებმა გადაწყვიტეს ბარში გაეგრძელებინათ მხიარულება. ჩემი სხეულიც მექანიკურად გაჰყვა მათ. შევედი, ხმაურით სავსე ბარი, უფრო სწორად მოღრიალე კაცებით სავსე ბარი, სადაც მათი მასკულინური ენერგია რაგბის ყურებას ალამაზებდა. უკვე მივხვდი, რომ არასწორ ადგილას შემოვედი. ფრთხილად მივიხედ-მოვიხედე, სკამი მაინც რომ მეპოვა ყოველი შემთხვევისთვის. ხელი წავავლე და დავჯექი. აი, სად დავუშვი შეცდომა! მე მათგან ზურგშექცევით დავჯექი. დამავიწყდა, რომ მტერი ყოველთვის კონტროლის და მხედველობის არეალში უნდა გყავდეს. მე კიდევ, გულუბრყვილოდ, მათ ზურგიც კი მივუშვირე დანის ჩასარტყმელად. დაიღრიალა ჩემს უკან მდგომმა 5 კაცმა და გოლის გატანის სიხარული ბოლომდე გამოიტანეს ფილტვებიდან.

ჩემმა სხეულმა კი არც დააყოვნა. რეფლექსებში კი გამიმართლა. ეგრევე შეხტა, კუნთები დაიჭიმა, თავი დამალვას და დაცვას ცდილობდა, ამიტომ მომენტალურად დაბლა ჩაიხარა
და ტანიც მიეშველა – წინ დაგაიხარა. სხეული მეტად დაკავებული იყო დამალვის პოზიციონირებაში, ამიტომ ხმას აღარ მიეწოდა სისხლი წამოსაყვირებლად და ყელში ჩავარდა ეგრევე. პოზიცია დაკავებულია, სხეული გაშეშებულია, ახლა ცრებლების დროა, იფიქრა ტვინმა და არც ჩანჩქერი დაბიწყებია, თვალებიდან რომ გადმოეშვა.

ესეც არნახული რეაქცია, ჩემმა სხეულმა რომ ისწალა მამისგან. კარგი რამე უსწავლია. ლოგიკურია ხომ? თუ ღრიალი გესმის, ეს ხომ სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის და შენც შიშისგან შეშდები. მადლობა უნდა ვთქვა ამ მემკვიდრეობისთვის, რაც შენ მომეცი მამა. შენი ღრიალი კარგი გასაწვრთნელი პროგრამა იყო რეალური ცხოვრებისთვის მოსამზადებლად.

ლიმნის წვენით და ცივი ყინულით მომასულიერეს 5 წუთის შემდეგ… სახლში მივაღწიე და ისე დავიძინე, არც შემშურებია, როგორ გააგრძელეს მეგობრებმა გართობა. თუმცა, რაზე უნდა დამწყდომოდა გული, ეგ შავი ტილო ისევ თვალებზე მეფარა და არც მეგონა, რომ მოვაკლდი მათ.

ეს ტილო ისევ თვალებზეა, დღეს, 6 დღის შემდეგ… ვერ ვიშორებ ასე ადვილად. მე ვზივარ ყანყალით და ვწერ. თითები ძლივს მომყვებიან ასოების ასაკრეფად… ვიფიქრე, ფურცელზე გადმოტანამ მაინც ჩამოხსნას ეს შავი ტილო-მეთქი, მაგრამ შვებას მაინც ვერ ვგრძნობ. აქვე ერთი თანაპაციენტი კი მიზის, საკუთარ თავს ელაპარაკება, რაღაცაზე დარდობს. თავი მაგიდაზე დაუდია და ხელი ბალიშად გამოუყენებია. დარდობს და ლაპარაკობს… კვნესის და ისევ ლაპარაკობს… იმის გვერდით კი დემონი ისევ ხითხითით მიყურებს და ტკბება …

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *