ლოგინის ქვეშ კატა შემძვრალა,
ბნელ ოთახში შევედი უცოდინარი უდარდელად,
თავად შეშინებული კატა, მწვანეთვალებდაჭყეტილი, ლოგინიდან გამოძვრა და სიკვდილამდე შემაშინა.
ოთახი ჯოჯოხეთად გადაიქცა ჩემს ბავშვურ ფსიქიკაში და ეშმაკის სუნმა მოიცვა გარემო.
კატის მწვანე თვალების შიში მისი ბეწვის შიშად გადაიქცა. კატის ბეწვი კურდღლის ბეწვსაც მიწვდა, კურდღლის ბეწვი ავტობუსში მჯდარი ქალის ქურქის ბეწვზეც კი გენერალიზდა. და ბოლოს, ყოველი აღელვებისას, კატები სიზმრებში მსტუმრობენ და ძილისას ცივ ოფლს მასხავენ.
და თურმე ზუსტად ასევე….
მამა საღამოობით მოდის,
სახლში ჯოჯოხეთის სუნი დგება.
მისი ყველა სიტყვის ძალა ბნელია და მყრალი.
საღამოს შიში დღის შიშად გადაიქცა, დღის შიში კი ცხოვრების შიშად.
გადარჩენის მსურველი ვერ ვგრძნობდი გამუდმებულად თანმსდევ ცხოვრების შიშს. მას ბოლო წამამდე ვტენიდი კარადაში, რომ ჩემთვის გეგმების და წარმატების მიღწევაში ხელი არ შეეშალა. ამ გეგმის მწვერვალზე როცა კი ავედი და თავის გადარჩენა მოვახერხე, შიში მაშინღა ვიგრძენი მხოლოდ. ერთბაშად ჩამაგდო ლოგინში, მომკვეთა სიცოცხლის წყარო და სიკვდილზე ფიქრიც კი დამაწყებინა.
ერთწლიანი ბრძოლის შემდეგ დეპრესიასა და პოსტტრავმულ სტრესულ აშლილობასთან, ვზივარ დათრგუნული და ვფიქრობ:
ახლა ხომ ყველაფერი დალაგდა გარემოში და კიდევ რისიღა მეშინია?
აჰ, შე საწყალო, ეხლა იგრძნობა ის შიში, ემოციად ყოფნიდან უკვე შეურყეველ მდგომარეობად რომ გადაქცეულა და მის გარეშე დღე აღარ თენდება. ამდენი წლის სამალავში ყოფნისას ფესვები გაუდგია და ჩასუნთქვა-ამოსუნთქვასაც კი მისწვდომია მისი ხლართები. ეს შიში ყველაფერს კლავს: ინტერესებს, ბედნიერებას, სიამოვნებას, მომავლის იმედს, სიხარულს….
დღეები გადიოდა დილის ლოცვაში: „ეს მე ვარ, ეს ჩემი ცხოვრებაა!“. ასე ვდცილობდი მუდმივი დერეალიზაცია დამემარცხებინა და შეგნებულად აღმექვა ჩემივე ცხოვრების წამები.
სინამდვილეში კი, იცი რომელი ლოცვით უნდა დამეწყო დილა თურმე?
„მამა აქ არ არის, მე თავისუფალი ვარ“
მონსტრი 4 წელია საფლავშია, 30 წელი კი ჩემს ფსიქიკაში ბუდობს. დღეს პირველი დღეა, როცა ვიყურები ჩემს გარშემო და მამა არ არსებობს არც შიგნით და არც გარეთ. მიხარია, მებედნიერება, ცხოვრება მეიმედება, მეფერადება და მემუსიკება.
როგორ მოვახერხე?
ერთ წლიანი ღრმა დეპრესიისას, ხან რა ამოვქექე და ხან რა. ყველაფერს თავისი გამომწვევი მიზეზიც მოვუძებნე. კიდევ რომ რჩებოდა შფოთი, ეს ჭკუიდან მშლიდა. ერთ-ერთი ძლიერი დისოციაციის დროს კი მივხვდი, რა იდგა ამ ყველაფრის უკან. თავიდან მეგონა, რომ მშობლებმა ცხოვრების ისე შემაშინეს, როგორც ბუა კაცის, სიძნელეებთან გამკლავება არ მასწავლეს, მომავლის შიში და პესიმიზმი ჩამისახეს, მაგრამ…..
თურმე ამ შიშების დიაგრამის უკან ერთი კონკრეტული შიში მდგარა. ეს შიში თურმე ერთი კონკრეტული „კატის“ შიში ყოფილა, რომელიც ისე გენერალიზდა, საზღვრები რომ აღარ იძებნებოდა.
ეს ყოფილა ერთი კონკრეტული ადამიანის შიში სამყაროს შიშად გადაქცეული. ერთი კონკრეტული პიროვნების, მისი დაძარღვული ძლიერი მკლავის, მისი გაუპარსავი სახიდან გამონათებული მწვანე და სიმთვრალისგან აღრეული ზიზღის თვალების, სახლში შემოდგმული მისი ნაბიჯების ხმის, მისი ბოხი ხმის და მის მიერ კედელზე მინარცხებული საგნების ხმის… ეს მხოლოდ ერთი კაცის შიში ყოფილა, მე კი შიშს სამყაროში ვეძებდი.
ხოდა აი ასე!
დღეიდან ჩემი დილა ამ ლოცვით იწყება:
მამა აქ არ არის და მე თავისუფალი ვარ!
Leave a Reply