ქაოტური საღამო. შიშებიანი საათები. ფსიქიატრიული კლინიკის მოსაცდელში ორი და
იცდის. ერთ-ერთი მომავალი პაციენტი, რომელსაც დემონები ებრძვიან, რომ სიცოცხლე
მალე დაასრულოს, და მეორე, შეშინებული, დაბნეული მომყოლი დაიკო, რომელიც
უმწეოდ გრძნობს თავს. არ იცის, როგორ დაეხმაროს პირველს დემონებთან ბრძოლაში.
პირველი კლინიკა:
– გვესმის შენი გასაჭირი, მაგრამ ვერ მიგიღებთ, ადგილი არ გვაქვს…
მეორე კლინიკა:
– გვესმის შენი გასაჭირი, მაგრამ ვერ მიგიღებთ, ადგილი არ გვაქვს…
მესამე კლინიკა:
– გვესმის შენი გასაჭირი, მაგრამ ვერ მიგიღებთ, ადგილი არ გვაქვს…
განა ამდენი “შეშლილი” დადის ამ ქვეყანაში, რომ ადამიანს ადგილი ვერ უპოვია კლინიკაში თავის გადასარჩენად? თუმცა თავის გადარჩენის გზა თავად ნაპოვნი აქვს. სიკვდილი ტანჯვის დამთავრება! ამ სხეულიდან გასვლა, რომელიც ასე გაუცხოვდა და აუტანელი გახდა ყოველდღიურ ცხოვრებაში. თუმცა ვინ ანებებს? გარშემომყოფები პანიკაში არიან, ზოგი განსჯით, ზოგი ბრაზით, ზოგი მზრუნველობითი ნერვიულობით მხოლოდ ახლაღა გამოცოცხლდენენ, როცა სიკვდილის არჩევანი გამოჩნდა. გარშემო მოყოფებმა ახლა გაიღვიძეს, ნეტა სად იყვნენ აქამდე?! განა მხოლოდ ექსტრემალური განცდები სჭირდებათ ადამიანებს გამოსაფხიზლებლად? განა მხოლოდ მაშინ შეუძლიათ გაიღვიძონ, როცა ხედავენ თანადედამიწელს სიკვდილი გადაუწყვეტია? და განა ეს მათი გადაწყვეტილებაა და პასუხისმგებლობა, რომ არ გაუშვნ, დატოვონ დედამიწაზე ტანჯვაში?!
რატომ? იმიტომ, რომ თავადვე ეტკინებათ, თავადვე დაიტანჯებიან დანაშაულის განცდით, “უფრო ხშირად რომ მომეკითხა, უფრო ხშირად რომ მენახა, მელაპარაკა” ფიქრებით გაიტანჯებოდა მათი სინდისი. თან მხოლოდ რამდენიმე კვირა… მერე ისევ იპოვნიდნენ თავიანთ გასამართლებელ საბუთს, ეგოისტი სინდისი რომ დაემშვიდებინათ და ტრავმადამუშავებული ფსიქიკით მაინც გააგრძელებდნენ უდარდელ ცხოვრებას. განა ეს მართლაც ალტრუისტული სურვილია, ადამიანი დატოვო დედამიწაზე ტანჯვაში?!
როგოც იქნა ერთ-ერთ კლინიკაში ადგილი გამოჩნდა. მიმღებში მომუშავე ბატონმა გზა მიასწავლა გოგოებს იმ განყოფილებისკენ, სადაც კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტები ცხოვრობდნენ. ლიფტი გაიღო. მეორე სართულზე გოგოები დერეფანში გამოვიდნენ და მარჯვენა მხარეს, ჩაკეტილ კარზე ზარი დარეკეს. ზმუილი გაისმა და კარიც გაიღო. დიახ, ეს ჩაკეტილი განყოფილება იყო, სადაც პაციენტების ყოველი ნაბიჯი კონტროლდებოდა. მათ წამლებიც კი მედდების თვალწინ უნდა ეყლაპათ.
გოგოები შევიდნენ და ჩაწერა ითხოვეს. მომავალ პაციენტს ფორმალური პროცედურის გავლა მოუწია. მათ შორის მთავარ ექიმთან საუბარიც, სადაც ალბათ მეოცედ მოყვა, როგორ მოდიოდნენ თვითმკვლელობის აზრები, სურათები და ტანჯვითი განცდები. უკვე ისე ყვებოდა, თითქოს ისეთი არაფერი მომხდარიყო და უბრალოდ ამბავს აცნობდა ექიმს. ოთახი მისცეს ახალ პაციენტს და მზრუნველ დასთან დამშვიდობების დროც მოვიდა. პაციენტი შეშინებული უყურებდა ახალ გარემოს და უჭირდა, ნდობა გამოეხატა მისთვის.
– ჰა, დროზე წადი, დამშვიდობება არ მიყვარს, ხომ იცი! – უთხრა პაციენტმა დამ მეორეს და პალატის კარიც ზურგს უკან მიიკეტა.
დღიურის ფურცლები ყოველ დღე ივსებოდა.
Leave a Reply