დაღლილი სხეული. მოზღვავებული ფიქრები. ფიქრები იმის შესახებ, რატომ ჩნდება დაუოკებელი სურვილი ადამიანში, რომ მეორე ადამიანს უყვარდეს. ბევრი ფსიქოანალიტიკური აზრები მოდის. სიყვარულს ვითხოვ, რადგან ის არასდროს მიმიღია ბავშვობაში. განსაკუთრებით მამისგან. აბა რა ფსიქოანალიზი იქნებოდა
ბავშვობა და მამა მშობლი რომ არ ჩამერთო ანალიზში. მამის მიერ არასერიოზულად აღქმული ჩემი ემოციები და სურვილები უსიყვარულობის ნიშანი იყო ჩემთვის. “კარგი გოგო იყავი და მეყვარები, ასე არ მოიქცე, თორემ მამა აღარ გეყოლება” ფრაზები კი არც თუ ისე უპირობო სიყვარულის მანიშნებელია, არა?
მამას არ ვუყვარდიო და იმიტომ მინდა, რომ მეორე ადამიანის სიყვარული მოვიპოვო? განა სწორია ეს მიდგომა? რა მოხდება თუ ამ საკითხს ისე მივუდგებით, რომ ეს მოპოვებული სიყვარული არც არის საჭირო? რომ სიყვარულის ძებნა ადამიანებში
მანკიერება უფროა, ვიდრე რომანტიული ან კეთილი ცხოვრების წესი? რაში უნდა მჭირდებოდეს სხვა ადამიანების სიყვარული, აღიარება, მათგან განმტკიცება და ემოციური ვალიდიზაცია. მე ხომ ადამიანების გარეშე უკვე სამყაროს სასწაული ვარ, როგორვ ყველა სხვა ადამიანი, ამ სამყაროს მოვლენილი? არა მარტო ადამიანი, ნებისმიერი ქმნილება ამ სამყაროში. მე ხომ უკვე გამაჩნია ღირებულება, ამიტომაც არ ვარსებობ? მე უზენაესი ძალებისგან მაქვს მონიჭებული, ჰმმ, ვინ ჩამოთვლის რამდენი რამ. მე უკვე ადამიანი ვარ, სამყაროს მიერ შეყვარებული. მე საფუძველშივე მონიჭებული მაქვს ინდივიდუალური და თავისუფალი სული, რომელიც უკვე ატარებს სამყაროს სიყვარულს. განა რაში უნდა მჭირდებოდეს, დაუღალავად ვეძებდე ადამიანების სიყვარულს, განსაკუთრებით მათ სიყვარულს, ვინც მამას სქესს წააგვანან?
სიკვდილთან ასე ახლო მისვლა იმის გაცნობიერებაში მეხმარება, რომ ადამიანებისგან წამოსული სიყვარულის დაუოკებელი წყურვილიც ისეთივე წარამვალი და მანკიერია,
როგორც უზომო ჭამა.
ჩემი გულიდან წამოსული ადამიანების სიყვარული კი სხვა რამეა. ამას ბავშვობიდან ვთხოვდი სამყაროს, ესწავლებინა ჩემთვის ადამიანების სიყვარული. ადამიანების, როგორს მისი ქმნილების. ეს სხვა ნიჭია. ადამიანს თავისი ნებით უყვარდეს სხვა ადამიანები სიკეთეა. ეძებო და ელოდო, გამოითხოვო და გამოწოვო სხვა ადამიანების სიყვარული კი უბრალოდ მდაბალი სურვილი.
თუმცა მეც ასეთივე სუსტი ადამიანი ვარ მსგავსი სურვილებით. მაგრამ განა საჭიროა ამ სურვილის გამუდმებული ტარება? ეს სურვილი რომ კეთილი იყოს, განა ამდენ ძალისხმევას წაიღებდა, ამდენ იმედგაცრუებას შემახვედრებდა, ამდენ არასწორ, მტანჯველ და ტოქსიკურ ურთიერთობაში შემაყოფინებდა თავს? არა მგონია…
Leave a Reply