ისევ ამ დარბაზში ვზივარ და ჩანაწერებს ვაკეთებ. შემდეგი მოხუცი ქალი მოდის ჩემთან და მეუბნება, ასე სწრაფად წერა მეც შემეძლოო. ჩვენ დროს ისეთ სამსახურში ვმუშაობდი თვალდახუჭულს უნდა მებეჭდაო. კარგი უნარია ეგ ეხლა ახალგაზრდებს
კომპიუტერისთვის ადგებათო. წამატებები წერაშიო მითხრა და ისევ წავიდა.
მე გუშინდელი დღის მერე უკეთ ვგრძნობ თავს. რა მოხდა გუშინ? თერაპიებით დატვირთული დღე იყო. ჯგუფურ თერაპიაზე იმაზე ვისაურეთ, თუ როგორი მნიშვნელოვანია სოციალური წრის ყოლა. ისიც გავარჩიეთ, რამდენი ადამიანი არსებობს
ჩვენს გარშემო, რა როლი უკავიათ მათ ჩვენც ცხოვრებაში, რამდენად ახლო არიან ჩვენს გულებთან და რა სარგებელი თუ უსარგებლობა მოაქვთ მათ ჩვენთვის. ამან ორი რამ
მაგრძნობინა: მადლიერება და სევდა.
მადლიერება იმისთვის, რომ ჩემი ოჯახი ასე ახლო მყოლია გულში და არ ვიცოდი. ჩემს ოჯახის აღქმას მხოლოდ ჩემი და-ძმა წარმოადგენდნენ. განსაკუთრებული მადლიერება დამეუფლა იმ დის მიართ, რომელიც დაუფიქრებლად ჩემთან საცხოვრელად
გადმოვიდა, მას შემდეგ, რაც გაიგო რომ ცხოვრების დასრულების სურვილი მქონდა. გადმოვიდა რთული სათქმელია. ის ახლა ჩემს სახლში ცხოვრობს, მე კი კლინიკაში…
მაგრამ სახლში როცა მიშვებენ, რომ ყოველდღიურ საქმიანობაში ვივარჯიშო და იმ სტრესს თავიდან მივეჩვიო, ის ყოველთვის იქ მხვდება. დაცულ და მზრუნველ გარემოს ქმნის.
სევდა იმიტომ, რომ ამ სავარჯიშომ ისიც შემახსენა, როგორ დამტოვეს მეგობრებმა მარტო დემონების წინაშე. როგორ დაიწყო ჩემი მარტოობის განცდა და მარტოდ ცხოვრება დეპრესიასთან ერთად. მძიმე იყო მათთვის ჩემი მოსმენა, ჩემი განცდების ატანა და
ზურგი მაქციეს. დავკარგე შეგრძნება, რომ მათ ჯგუფს ვეკუთვნი, გამრიყეს მეგონა და ჩემი ტკივილი უფრო იზრდებოდა. თურმე ყველას არ შეუძლია ჭირშიც გემეგობროს.
მართალი ყოფილა მეგობრის ჭირში გამოცდის ამბავი. ეს გამოცდა კი მხოლოდ რამდენიმე მეგობარმა გაიარა. ისინი დაჩებიან იმ ახლო შემოხაზულ წრეში, რომელიც თერაპევტმა
ჩემს გარშემო შემომახაზინა ფურცელზე.
ამ ამბივალენტური განცდების შემდეგ ინდივიდუალურ სესიაზე შევედი. აი აქ დაიწყო ისევ თავიდან ყველაფერი. მამა ახსენა თერაპევტმა, სიკვდილი-მეთქი მეც ვახსენე, ამას მოჰყვა “წინათგრძნობა მალე სიკვდლის”, “ოჯახი ჩემს გარეშე”, “სივდლის სიახლოვე”, “შიში, ზიზღი, სიძულვილი,” “სიყვარული, მონატრება”, “მარტოდ დარჩენა”, “შინაგანი ბავშვის მოთხოვნილებების დაუკმაყოფილება და იმედგაცრუება”, “ისევ მამა” და აი აქ დაიწყო ისევ… ტვინი შეიკუმშა, სხეულს ძალა წაერთვა, თერაპევტის ფიგურა თვალებში გაიწელა, უკანა ფონი კი გაბუბდოვანდა, და სუნთქვა შემცირდა… ისევ ახალი დისოციაციის ეპიზოდი… აი აქ მოვიდა ისევ ახალი ჯოჯოხეთი. ცრემლებმა გამოიტანეს
გარეთ და სხეულიც გაქვავდა…
ამის მერე სახლში მისვლა და გამოძინება მახსოვს. მე გუშინდელის შემდეგ კარგად ვგრძნობ თავს… რამდენი ხანი გაგრძელდება ასე?…
ჩელოს ხმა მესმის მეორე ოთახიდან. ჩელოს აქ ერთი თანაპაციენტი უკრავს. მუსიკოსია. მუსიკის თვით ტერაპიას იტარებს. გამას ვარჯიშობს. ნაწარმოებებს უკრავს. იმედს გამოსცემს კიდევ, რაღაცის კეთების და უმოქმედოდ ჯდომის შეწყვეტის. ესპანელია. ესეც ქერა თმით და მაღალი ტანით. ეტყობა, რომ მხიარული და გახსნილია მაშინ, როცა ეს ავადმყოფობა არ დარევს ხელს. ორი საყვარელი ძაღლი და მამა ერთ წელს დაუკარგავს.
დედა და და ჩამოუშორებია საკუთარი კეთილდღეობისთვის. რას ნიშნავს ეს არ ვიცი, არ მიკითხავას. აქ თანაპაციენტები ვზრუნავთ ერთმანეთზე საკუთარი ტრავმების არ მოყოლით და ინფორმაცის დაზოგვით. ერთმანეთს ვუფრთხილდებით, მაგრამ ის ცხადად თქვა რომ გერმანიაში არც მეგობრები ყავს და არც ოჯახი. სულ ერთი წელია ჩამოსულა და ბოლო თვეებს ფსიქიატრიულ კლინიკაში ატარებს. ისიც არ ვიცი მისმა დარჩენილმა ოჯახმა თუ იცის მისი ამბავი… სად პოულობს ნუგეშს? სად პოულობს იმედს? რა მიზნით იღვიძებს დილით? არც ეს ვიცი, არ მიკითხავს…
Leave a Reply