შუაღამე ოცდამეოთხე

ყველას ძინავს. მხოლოდ ორი მედდა დერეფანში ჩვენთვის ფხიზლობენ. მე ვერ ვიძინებ. რატომ? გამუდმებით ვლაპარაკობ გონებაში და სათქმელს ვაგროვებ დასაწერად. ღამის სიჩუმეს ჩემი კლავიატურაზე წერა არღვევს. სიტყვების მოძებნა კი – ჩემს ძილს.

მახსენდება ის თითოეული წუთი, როცა პირველად და უკანასკნელად მამას წინააღმდეგ ამოვიღე ხმა. ისიც, მორიდებით და შიშით ვარჩევდი რბილ სიტყვებს. ვეუბნებოდი, რომ
შვილებს გვჭირდებოდა და მისი გაუთავებელი სმა მამას გვაკარგვინებდა. თუმცა, ისე, რა უნდა დაკარგო, რაც არ გაქვს?! მაგრამ ის შანსიც იკარგებოდა, რომ მამა მომავალში მაინც მყოლოდა. ვეხვეწებოდი, მკურნალობას დათანხმებულიყო და ჩვენთვის ეცხოვრა.
ვეუბნებოდი, რომ სასმელი ჩვენს თავს აშორებდა. ის კი, ირონიანარევი და დამცინავი მზერით მეუბნბოდა, რომ მე, ლაწირაკი, როგორ ვბედავ და ხმას ვიღებ. მისი სახე ამბობდა, რა ჭკვიანი მგონია ამ პარატა ღლაპს თავი და როგორ მოხდა, რომ მე მამა მშობელს ჭკუას ვასწავლი.

ამ სახეში ზიზღიც კი ამოვიკითხე. ზიზღი საკუთარი შვილის მიმართ, რომელიც მამობას ეხვეწება. ალბათ ეწყინა, რომ ვუთხარი, ავად იყო და შველა სჭირდებოდა, მაგრამ ზიზღი ჩემს მიმართ? რითი დავიმსახურე განა?

ჩემი პალატის ფანჯრიდან ერთი ხე ჩანს.

– ამ ხეს ამჩნევ მაინც? – მკითხა ერთ დღეს მედდამ. მაშინ მივხვდი, რომ ეს ხე პირველად მაშინ აღვიქვი. მანამდე, არც კი დამინახავს უზარმაზარი ხე და მისი ტოტები, რომლებიც ფანჯარასთან ისეა მომდგარი, მთელ სივრცეს ფარავს. მაშინ დავიწყე მისი ყურება. დეპრესიით გაბრუებული მხოლოდ იმით დავკმაყოფილდი, რომ უბრალოდ ხე შევამჩნიე. უღიმღამოდ მივიხედე და მაშინვე გამოვიხედე.

მას შემდეგ, თითქოს, ხეს გახედვა დილის რიტუალი გახდა. რატომ არ ვიცი, მაგრამ მისი გაფოთვლის პროცსი პაწაწინა კავშირს მიღდგენდა სამყაროსთან. კვირების წინ მხოლოდ
შინდისფერი ყლორტები ება. ჯერ ამ ყლორტებიდან ვარდისფერმა ფურცლებმა გამოიხედეს. თითქოს შეუმჩნევლად, მაგრამ მაინც გაღიავდნენ შინდისფერი ყლორტები. კვირის შემდეგ კი ვარდისფერი ფურცლის ნაწილები გაფურჩქნილ ყვავილებად იქცნენ
და გარდაუვალი იყო გაზაფხულის მოსვლის უწყება. ვდგავარ და ვუყურებ ამ ხეს. დილით ვარდისფერია და იმედის მომტანი, ღამე დათოვლილს გავს და სევდა მოაქვს. თითქოს ორპირია ეს ხე ჩემთან. მაგრამ არაუშავს, პატარა იმედი მაინც მჭირდება და მაინც ვენდობი მის ყვავილებს. მაგრამ ეს იმედი მალევე ქრება, როცა ეს სიშავე ჩვეულებისამებრ დაისადგურებს გულის არეში და დაამძიმებს ფეხის კუნთებს. აზრები და სურათები მოდიან და აღარ ჩერდებიან. მოგონებები არ ილევა. არც ერთი დამამშვიდებელი, არც ერთი მანუგეშებელი…

იმ დილით მოსაწევ ოთახში შევედი. ამ მხრიდან ამოდის მზე. სასწაულებრივად მზე შევამჩნიე. მხოლოდ მზე შევამჩნიე კი არა, ჩემი პირის კუთხეებიც კი შეირხა და ოდნავ გაღიმება შევძელი. გულიდანაც თავისით აღმომხდა:

– მზეო ამოდი ამოდი, ნუ ეფარები გორასა…
და სიტყვა გამიწყდა. ის სიშავე ისე სწრაფად მოვიდა მოსაწევი ოთახიდან გამოსვლისას უკვე ძლივს მოვათრევდი ფეხებს პალატისკენ. შე დალოცვილო, ერთი წუთი მაინც მაჩუქე სიხარულისთვის…

მამას ხმა ჩამესმის, მისი ზიზღიანი გინება, დამამცირებელი და დამჩაგვრელი ფრაზები,
უმოწყალო ღრიალი და მისი ხმის სიძლიერე ტანში მცრის. მოდი მოგონებავ, ვერ შემაშინებ, გამახსენე, რაც გინდა. უძინარი ვდგავარ და მედგრად შეგხვდები. რაც გინდა
მოიტანე, ბრაზი, აგრესია, ჭურჭლის დალეწვის სურვილი, კედელზე მუშტების რტყმის სურვილი, სასოწარკვეთილი ხმით საფლავში ჩაძახების სურვილი, “რას მერჩოდი, ის
მაინც იცი, რა დღეში ვარ ახლა?”, მე მყარად დაგხვდები დანაშაულის განცდის გარეშე.
დამნაშავედ არ ვიგრძნობ თავს სიმართლის თქმის და გრძნობის გამო.

თუმცა, დიდად კი ეცადნენ დანაშაულის განცდით ჩავეჩუმებინე მთელი ბავშვობა. “მამა ისეთი უნდა გიყვარდეს, როგორიც არის” ფრაზამ გამიბუჟა ყველა ტკივილი და სურვილი, რომ “მამა მტკივა” ამომეოხრა. არა, უფროსებმა ჩემს ჭრილობებს უბრალოდ ლამაზი სტიკერი დააკვრეს, ვითომ არაფერი მომხდარა და ეს მხოლოდ ლამაზი ტატუა ჭრელი პეპლის. მაჩუმებდნენ, რომ არ მეთქვა მოძალადე მოძალადეა. მაძალებდნენ, მოძალადე გადამექცია უბრალოდ უცნაურ კაცად და ეს უცნაური კაცი ისე მყვარებოდა, როგორც
მშობელი მამა, რადგან მე, შვილი, ამის ვალდებული ვიყავი.

რას მერჩოდით უფროსებო, რის გამო გამიორეთ ფსიქიკა, მყვარებოდა საკუთარი მოძალადე. სიყვრული და შიში ერთდროულად მატარებინეთ და ფსიქიკის კუნჭულში შემატენინეთ ზიზღი. ჩემი ნამდვილი გრძნობები ისე შეტენ-შემოტენეთ აქეთ-იქით,
წლები ვატარე ისე, რომ არც ვიცოდი, ისინი კიდევ თუ არსებობდნენ აქ, თავში, სადღაც.

ვინ გეკითხებოდათ რას ვიგრძნობდი? თქვენთვის რა მნიშვნელობა ქონდა მე რას ვიგრძნობდი? ვინ მოგცათ უფლება გეკარნახათ, რას უნდა ვგრძნობდე მშობლების მიმართ. ვინ გეგონათ თავები, გულწრფელი განცდები რომ მოჩვენებითი კეთილი გრნობებით შემიცვალეთ. ზიზღი – სიყვარულით, სევდა – სიხარულით, სილაღე –
სიმორცხვით, უკმაყოფილება – დამჯერი ბუნებით, ანცობა – პატიოსნებით…
ვინ გეკითხებოდათ რომ გადამაკეთეთ? გამუდმებული კარგი გოგოობა მასწავლეთ და საკუთარი მე მიმაჩუმათებინეთ. ორმაგი ცხოვრებით მაცხოვრეთ და საშუალება არ
მომეცით გავცნობოდი საკუთარ თავს. განა თქვენ კი მიცნობთ? არ მგონია ამის ღირსები იყოთ ახლა მე შემხვდეთ. თქვენ თქვენი შანსი ხელიდან გააპანღურეთ!!

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *