დღე პირველი

ფსიქიარტრიის კედლებიდან, სადაც კარგად დაცული ფანჯრებია და ისე ოდნავ იღება, რომ ადამიანს გადახტომის იდეაც ვერ გაუჩნდება, გარეთ ვიხედები. ოდნავი სიბნელე უფლებას მაძლევს, საკუთარ ანარეკლს ფანჯარაში დავაკვირდე. ვაკვირდები ჩემს მოკლედ შეჭრილ თმას, ჩაცვენილ და გაშავებულ თვალებს და სილუეტს, რომელიც ისევ ისე ატარებს სევდას და ფიქრობს: ახლა ვინღა ვარ?

განა როდის მოვა დრო, როცა გადაჭრით ვიტყვი, ეს მე ვარ. ეს ჩემი სხეულია და მასში კარგად ვგრძნობ თავს. თუ ის დიაგნოზი დასვეს, რასაც ვფიქრობ ალბათ არც არასდროს. ან უკეთეს შემთხვევაში, მხოლოდ ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ. სიგარეტს ვეწევი, ერთადერთი სიამოვნება, რაც კი დამრჩენია. სიგარეტის ბოლს ვაყოლებ თვალს. შემდეგ ისევ ანარეკლში თმას ჩამოვაყოლე მზერა ბოლო წვერამდე და საფუძვლიანად შევათვალიერე. ეს სილუეტიც გაქრა სიგარეტის მოწევის დამთავრებისას, ახლა სხვა პაციენტის დროა, რომ მოსაწევ ოთახში შემოვიდეს და თავისი ნუგეში მოწიოს.

აქ ჩემნაირი ადამიანები არიან, ლოგინიდან ვერ დგებიან, ჭამა არ უნდათ, წამლებს დღეში მინიმუმ სამჯერ ყლაპავენ, მაგრამ იბრძვიან, იმედიანად თუ უიმედოდ. ჩაწოლილი გოგო. ჩამოჟამული სახე. უტყვი თვალები. დედა მზრუნველი. ყვავილები მოიტანა. ალბათ იფიქრა, ლოგინს ყვავილები გაალამაზებდა. გულმოდგინედ ვაზაში ჩადო ყვავილები. ნეტა ის მაინც იცის, რომ მის შვილს ყვავილების აღქმაც კი არ შეუძლია? მისთვის ხომ სულ ერთია, რა დევს იქ, ანდაც რა ფერია. განა კომაშია, და თვალები დახუჭული აქვს, არა, პირიქით, ფართოდ გახელილი და მაინც, მათ არეალში ლამაზი ყვავილები მაინც ვერ ხვდება. რატომ? იმიტომ, რომ ის უარაფრო და ცარიელ სამყაროს ხედავს. სამყაროს, რომელსაც მხოლოდ ის ხედავს და რომც მოინდომო იქ ვერ შეიხედები. ვერ ვეტყვი, ვიცი რასაც გრძნობ-მეთქი. არადა მეც ხომ მაქვს მსგავსი სამყარო, მაგრამ ვერც იქ შეიხედება ვერავინ სხვა. და ასე ვრჩებით ერთმანეთის მიღმა ადამიანები, რას განვიცდით წარმოდგენაც არ გვაქვს. ერთი ის დაგვრჩენია, ვენდოთ მომყოლს იმის მოყოლასა და აღწერაში, რასაც ის გვიამბობს.

ფიქრები მორბიან, კორიანტელივით ტრიალებენ, მორევში გიხვევენ და ამის გასაჩერებლად მხოლოდ წამალი თუ არსებობს ამჟამად, რომელიც ან მოქმედებს და ან არა.

ისევ ის ვარ, ვინც გარეთ ვიყავი? ვიყავი საქმიანი, რომლისთვისაც ახალა ერთი
წინადადებაც კი ბევრია მოსასმენად. ვიყავი მოსიყვარულე, რომელსაც ახლა არც ერთი მტკაველი გრძნობის გაცემა ან მიღება არ შეუძლია. ქვასავით გამხდარა გული, ან ის ორგანო, სადაც ადამიანებს ჰგონიათ, რომ სიყვარული სახლობს. ქვასავით გამხდარა და არც გარშემო მყოფების თბილი სიტყვები უკაკუნებს, არც შიგნიდან გამოსცემს ექოს იმის
სათქმელად, რომ გავიგე, მივიღე შენი სითბო. ვერ გამამტყუვნებთ, ვერ განმსჯით. ეს უბრალოდ ჩემს სამყაროში აღარ არსებობს. არსებობს მხოლოდ სიცარიელე, განმარტოება საფუძვლიანი, უიმედობა, უუნარობა, არაფასეულობა. აი ეს ძლიერ მტაჯველია.

ისე ღრმად შეიცვალა ფიქრი, რომ ჩემი დაბადება დედამიწაზე მნიშვნელოვანი მოვლენა იყო, რომ წარმოუდგენელია მომავლის რწმენის ქონა. ადამიანები ისევ ისე შემხვდებიან როცა აქედან გავალ, ისევ ისეთს დამინახავენ როგორსაც ისინი იცნობდნენ? მოსიყვრულეს, მოაზროვნეს, მზრუნველს, კრეატიულს, ანალიტიკოსს, თავგანმწირველს, ერთგულს, მხიარულს, ლაღს… ჩემში კი მხოლოდ სევდა და იდენტობის დაკარგულობა არსებობს. რა აზრი აქვს ასე ცხოვრებას? რა საჭიროა დროის გახაგრძლივება თუ კი ეს ასე სამუდამოდ უნდა გაგრელდეს.

ადამიანები გამხნევებენ, გეუბნებიან, რომ უკეთესი დღეები მოვა, ის კი არ იციან, რომ ეს არ გშველის. იმ სამყაროში ხომ იმედი არ არსებობს. მაგრამ რა ქნან, ეს უნდა თქვან. მათაც ხომ უნდათ, რომ თავისი წვლილი შეიტანონ შენს დედამიწაზე დარჩენაში.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *