როგორც ყოველთვის, დაღლილი ლოგინზე მივწექი. მაგრამ ექიმის ნათქვამი მახსენდება, ძილის ჰიგიენისთვის უნდა ვიბრძოლო ახლა. ლოგინში მხოლოდ დასაძინებლად უნდა წავიდე და დანარჩენ დროს მას არ გავეკარო. ოჰ რა რთულია!!! ლოგინი ხომ ჩემი მეგობარი იყო ამდენი თვის განმავლობაში და ახლა სხვა ნივთებს უნდა დავუმეგობრდე, რომ ლოგინს აღარ გავეკარო. ვიარე აქეთ იქით, უფრო მეტი სიგარეტიც კი მოვწიე. ეზოში წრეს ვარტყავდი გაგიჟებული პატარა ბუჩქებს რომ ცოტა მოძრაობა მეგრძნო. ამოვედი ოთახში და იდეა მოვიდა.
ჩემს მეზობელ თანაპაციენტებს, რომლებიც ჩემს ოთახში იყვნენ დასახლებული, კარტის თამაში შევთავაზე. პირველად ამდენი დღის გნმავლობაში პირველი სურვილი გაჩნდა თანაპაციენტებს დავკონტაქტებოდი. ერთმა კიო, მეორემ არაო, მისაღებია-მეთქი, ვთქვი და ოთახიდან უკან გამოსვლა დავაპირე, მაგრამ კაი კაიო, მომესმა და სამი ადამიანი კარტის სათამაშოდ შევიკრიბეთ.
ოთახის შუაში მდგომი მაგიდა გავათავისუფლეთ, რომელიც კვირებია არავის გამოუყენებია, და მტვრის გადაწმნდა აუცილებელი მოქმედება აღმოჩნდა. შემოვუსხედით მაგიდას და ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ დაიწყო ერთმანეთთან დაკავშირება და კარტის აღება-ჩამოსვლა. თანდათან ცოტა გაღიმების სულრვილი გაჩნდა, ცოტა შეჯიბრებითობა რომ დაიწყო. ბოლოს ერთმანთის დამარცხების ჟინი მოვიდა და სიცილიც თან დაჰყვა.
ბოლოს მეორე იდეა და თამაში მივაბით – “მე არასდროს”. ამან გადაგვაწყვეტინა, ერთმანეთი უკეთ გაგვეცნო. ნაბიჯ-ნაბიჯ და ფრთხილად. რამის თქმა გამოვლილი ტრავმის ან თვითმკვლელობის იდეის შესახებ რომ დამთრგუნველი არ აღმოჩნდეს, დიდი სიფრთხილეა საჭირო. დავიწყეთ წინადადების დაბოლოება: “მე არასდროს…” ამ დროს ბევრი რამ გავიგეთ ერთმანეთზე, ვის რა გეგმები ქონდა მომავალში, ვის სად უმოგზაურია, ვის რა უსაუბრია მშობლებთან, ვის ქონია სექსი სარეცხ მანქანაზე და ვის რა თავგადასავალი გადახდენია. ამ თამაშმა სიცილი არ შეანელა, პირიქით უფრო დაგვამეგობრა.
თამაში დამთავრდა და წამლების ასაღებად მედდებთან გავედი. ჩემს ზურგს უკან დიდი ხმაური და შემდეგ დიდი ბრახვნი გაავიგე. შემოვბრუნდი და ერთი თანაპაციენტი იქვე მდგარ ყვავილებიან ვაზას წყობიდან გამოუყვანია და სათითაოთ იატაკზე ანარცხებდა. ამან მედდები სწრაფ მოქმედებაში მოიყვანა. ქალი მედდა უკან გაეკიდა გაქცეულ თანაპაციენტს მაგრამ ვერ დაეწია. ახლა კაცი მედდის ჯერი იყო. გაიქცა და თანაპაციენტს ისედაც ჩარაზულ კართან დაეწია. მე ამ დროს ტრავმაშეხსენებული და ფეხებმოკვეთილი იატაკზე დავჯექი. შემეშინდა და სუნთქვა გამიხშირდა.
ხმაურის შემეშინდა და საფრთხე მეგონა ჩემს ზურგსუკან მელოდა. რა საფრთხე
კონკრეტულად არ ვიცი, მაგრამ ტრავმის ბრალია, მე რომ ემოციურ რეაქციას ვაძლევ ხმაურს. ფიზიოლოგიურად შეკრთომა არაა საკმარისი, იქ ფსიქოლოგიური საფრთხის
განცდაც მოდის და ფეხებში გრძნობა მეკარგება. ამიტომ ავკანკალდი და იატაკზე დავჯექი. თანაპაციენტები მოვიდნენ და მხარზე შემეხნენ. მხარზე შეხებამ გამახსენა, რომ დაცულ გარემოში ვიყავი და სუნთქვის დარეგულირებაში დამეხმარა.
Leave a Reply