ძილი ახლა ერთადერთი წამალიღა დამრჩა. მეც ვიძინებ იმ იმედით, რომ ეს ცნობიერი ცხოვრება იქნებ ცოტა ხანს გაჩერდეს. “ოჰ შე გულუბრყვილოვ”, შეუძლიათ შემომძახონ. განა სად გაექცევი არაცნობიერში ჩატენილ ნაგავს. გაიღვიძებ, ფიქრებად მოვლენ,
დაიძინებ – სიზმრებად. ეს კოშმარები კი ისევ ისე გაგიღვიძებენ განცდებს და
დაგტანჯავენ, და თან ისე, რომ ყურადღებასაც ვერ გადაიტან. შენ ხომ გძინავს და ვერც ინძრევი. ასე მუხთლურად მოვლენ და ბრძოლისგან დაგღლიან დილამდე.
სიზმარში მე ჩემს და-ძმას ვეძებ. მათ გადარჩენას ვცდილობ წყალდიდობისგან, ომში ტყვიების ზუზუნისგან, მფრინავი ურჩხულებისგან და ვინ მოთვლის კიდევ რისგან. იქვე ახლო მახლო სადღაც დედაც გამოჩნდება ხოლმე, მაგრამ არაფერს აკეთებს. უბრალოდ დგას პასიურად და შემყურებს. ხშირად მისთვის დასაყვირებელი სიტყვებიც მაქვს, რომლებიც ეხლა არ მახსოვს. მაგრამ ვყვირი უმოწყალოდ, მინდა გავაგებინო, მაგრამ მაინც არ ესმის. აუღებელი ციხე სიმაგრეა. არ მახსოვს მისი სახე იცინის თუ არა, მაგრამ ის არასდროს მისმენს. მე კიდევ უფრო ხმამაღლა ჩავყვირი და ის კიდევ უფრო
აღარ მისმენს.
დედასთან დაპირისპირება არასდროს მომხდარა სინამდვილეში მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მისი ქმედება მიუღებელი იყო ჩემთვის. არასდროს ამომიღია ხმა, მეთქვა, სინამდვილეში რას ვფიქრობ. ამიტომ როცა 18 წლის გავხდი ავდექი და წავედი
ჯოჯოხეთის სახლიდან, სადაც სულს მიხუთავდა ყოველი ჟანგბადის მოლეკულა. ჰაერი სავსე იყო უყურადღებობით, დაუდევრობით, პასუხისმგებლობის დაკისრებებით,
პასუხის მოთხოვნით გაკეთებულ თუ გაუკეთებელ დავალებებზე, უინტერესობის გამოჩენით, რა ხდებოდა სკოლაში, მიჭირდა თუ არა რამე, მჭირდებოდა თუ არა რამე.
ჰაერი სავსე იყო უგულებელყოფილი და დაიგნორებული ტირილით, ემოციებით, ულაპარაკობით, გაუხსნელობით, გვერდში არ დგომით და დაუცველობით. ჰაერი სავსე
იყო გაუკეთებული საჭმლით, მიუწოდებელი წყლის ჭიქით.
იმ სივრცეში მხოლოდ ერთი სურათი მახსოვს. ფანჯარასთან მჯდარი დედა და უდიდესი ნაჭერი ხელში საქარგავად. ქარგავდა დღეები, კვირები და თვეები. მე ამ დროს გარეშემო ვურბენ და საკუთარ მოთხოვნილებებს თავადვე ვაკმაყოფილებ სულ რამდენიმე წლის ბავშვი. მარტო ჩემთვის კი არა პატარა და-ძმისთვისაც.
პასიური დედობა დაერქვა დედაჩემის დედობას ჩემთვის. სრულიად შეუსაბამო დედობა, ვიდრე ჩემს ბავშვ ვერსიას სჭირდებოდა. მონსტრი მამის ხელში დედა მაინც მინდოდა
მყოლოდა დამცველი, ტკივილის გამზიარებელი და ემოციური მზარდაჭერის მომცემი. მაგრამ სად იყო? იჯდა და ქარგავდა. ალბათ საკუთარი თავის გადარჩენას ასე ცდილობდა მონსტრი ქმრისგან, მაგრამ მე ვინ მომხედავდა? საკუთარი პატარა თავის გარდა არავინ მყავდა და კიდევ ჩემი უფროსი და, რომელიც ისე იტანჯებოდა, როგორც მე.
სიბრაზე მინდოდა მეგრძნო დედის მიმართაც, განსაკუთრებით მაშინ, როცა ლოცვას მაძალებდა. ლოცვას მაძალებდა ბავშვს, რომელსაც ცხოვრების არაფერი გამეგო და ჩემი დავალება, მხოლოდ თამაში და განათლების მიღება უნდა ყოფილიყო.
თამაში შეზღუდული, გაზრდილი სია დიდების დავალებების და ბეჯითი სწავლა იყო ჩემი რეალობა. თამაში რაღამ შეგაზღუდინათ? თამაში!! მე ხომ ბავშვი ვიყავი? ადრე დამაბერეთ თქვე უღირსებო, ადრე!
მამის ტერორი არ მეყოფოდა, შენც ცალკე დასჯის მეთოდები რომ არ გამოგეგონებინა? რას ფიქრობდი, როცა მე მუხლისჩოქებზე ვიდექი ხატების წინ საათობით და სასჯელს ვიხდიდი? ნეტა რისთვის მსჯიდი? აჰ კი, მახსოვს, ენის შებრუნებისთვის. შენ მსჯიდი
იმისთვის, როცა საკუთარ ხმას ვიღებდი და გაგებინებდი რა მჭირდებოდა და მინდოდა. ამისთვის შენ ხატებთან მაგზავნიდი და მუხლებზე მაჩოქებდი. იცი, მაგ დროს მხოლოდ მუხლები არ მტკიოდა. მე სულიც მტკიოდა, ჩემი თავმოყვარეობა და მნიშვნელოვნება
ზარალდებოდა. რამ მოგაფიქრებია ასეთი ჩუმ-ჩუმი ძალადობა? ესაა შენი დედობა? რისთვის, რატომ?
არც შენ დაგიკლია ჩემი არარაობის ხაზგასმა. არც შენ დაგიკლია ბავშვობის წართმევა და მისი ჯოჯოხეთად გადაქცევა. ეკლესიაში მტენიდი და ლოცვას მაძალებდი. რა მოგიტანა ამან? რა აზრი გაგიჩინა ცხოვრებაში? რა სარგებელი მოიტანა ამან ან ჩემთვის ან შენთვის? შენც ისევე დამაზარალე უმოქმედობით თუ ქმედებით, როგორც კაცებმა. შენც ისევე ჩამაჩუმე, ჩამაპატარავე მუხლების სიმაღლეზე და დამამცირე, როგორც კაცებმა. არ დამიცავი, არ მალაპარაკე, არ მომისმინე, არ დამინახე, არც შენ, დედა!
ძლიერი წამლების მიღება შემიწყვიტეს. გაბრუებული აღარ დავდივარ და მახსენდება ყველაფერი. ყველაფერი კარგად მახსოვს, მეხსიერებას არ ვუჩივი. ემოციების მთელი
სხეულით ინტენსიურად განცდა თუ დამყვა ამ ყველაფრის შემდეგ, მეხსიერება მაინც ხელშეუხებელია. მე მახსოვს, ნეტა თქვენ თუ გახსოვთ? ნეტა იმას მაინც ფიქრობთ როგორი მშობლობა გაწიეთ? არც კი გაბედოთ ჩემი სიძლიერე თქვენ მიიწეროთ. ეს ჩემია, საკუთარი გადარჩენის სურვილი და ინსტინქტები. არც კი გაბედოთ ამით სიამაყე. მე ამის უფლებას არ გაძლევთ. ახლა ვისმინო “შენით ვამაყობ”! ამაზე საშინელი სიტყვები ჩემს ყურებს არ მისწვდება. თქვენ მე ჩამკალით და მე თავადვე ვიცოცხლე, ახლა ეს გეამაყებათ? არც კი გაბედოთ!… მინდა დავდგე და ვიყვირო: “შორს ჩემგან!!!!”
Leave a Reply