ემოციების ქარიშხალი ჩადგა. მძიმე ფეხებმა დღეს რამდენიმე ნაბიჯი გადადგეს მზიან ამინდში. იმდენი გავისეირნე, რამდენიც შემეძლო. იმდენი ვისუნთქე სუფთა ჰაერი, რამდენიც შემეძლო. იმდენად დავისვენე, რამდენადაც შემეძლო. სიავის, წყენის და
სიბრაზის დონე იწევდა ქვემოთ მას შემდეგ, რაც თავისუფლება მივეცი ბრაზს მოძალადეების მიმართ.
ამოვისუნთქე, მოვეშვი და მოვდუნდი. უკან დაბრუნებულმა ჩაკეტილი კლინიკის კარზე დავაკაკუნე, მაგრამ კარის გაღებას არავინ ჩქარობდა. მინის კარიდან ვხედავდი, მედდები
დარბოდნენ აქეთ იქით, ზოგი ექიმს ეძახდა, რომელიც ისე გამოვიდა კაბინეტიდან და ისე დინჯად მიაბიჯებდა, თითქოს არაფერი მომხდარიყოს. ზოგი ახალი ლოგინის მოსაგორებლად გავიდა და ორი კი მკლავებით მოათრევდნენ ჩემს ოთახში მცხოვრებ თანაპაციენტს. საწყალი გოგო კანკალებდა და სუნთქვა უჭირდა. დანარჩენმა ორმა მედდამ ის ახალ ლოგინზე დააწვინა, მეორე მედდების წყვილი კი მის ლოგინზე მიბმას ცდილობდა. გაკოჭეს საწყალი გოგო და საკუთარი ხელებისგან დაიცვეს. მთელი სახე დაკაწრული და დასისხლიანებული ჰქონდა, როგორც იქნა კარი გამიღეს და შევედი. კვნესოდა საწყალი გოგონა და სხეულს ისე არხევდა თითქოს უნდოდა ამ მისაბმელებისგან გათავისუფლებულიყო.
– სხეულს კბენ? – მომესმა ფსიქიატრის კითხვა.
– არა, – უპასუხა გოგონამ.
– გენდობი! – უთხრა ექიმმა და ყველაფერი კარგადააო, მიაყოლა საოცარი სიმშვიდით. – მშვიდად სუნთქვა ცადე, ახლავე იმოქმედებს წამალი და დაისვენებ! – მოეფერა თმაზე პაციენტს და მისი თავის დაჭერა გააგრძელა, ლოგინზე რტყმისგან რომ დაეცვა.
მივეჩვიე ამ სურათის ყურებას. აღარც მიკვირს, ექიმი რომ ასე მშვიდად შეხვდა ლოგინზე მიბმულ პაციენტს. ცალკე ოთახში გადაიყვანეს. სირბილი და ალიაქოთი შეწყდა დერეფანში. ყველა დამშვდდა, დანარჩენმა პაციენტებმაც შეძლეს, ახლა მზერა საკუთარ საქმეზე გადაეტანათ.
მალე გამიშვებენ აქედან. სულ რამდენიმე დღეღა რჩება და შემდეგ მეორე კლინიკას ავუფეთქებ კარს ზარის რეკვით ყოველ დილით 9 საათზე. თითქოს ეს ახალ ეტაპად ჩანს.
თითქოს ეს ჯოჯოხეთიდან ამოსასვლელი კიბის მეორე საფეხურია. პირველი საფეხური საკმაოდ დიდი და ძნელი იყო. ნეტა დამთავრდა რო? ეს დემონი სიუპრიზებით სავსეა.
საკმარისია, ვიფიქრო, რომ პირველ საფეხურზე ისე ავფოფხდი და ბოლო ფეხიღა დამრჩა ასაწევი, რომ ეგრევე მიცურავს ხელი, რომელზე დაყრდნობის იმედიც მქონდა. ილუზიურად დამანახებს ხოლმე უცებ იმ ნაწილს ქვის საფეხურისას, რომელსაც ძლივს ვიპოვი ხოლმე ხელის ცეცებით, რომ მოვეჭიდო. მე შენ გეტყვი და კარგადაა განათებული იქაურობა, რომ მეც ეგრევე ვიპოვო ის ადგილი რეალურად. მოკლედ ახლა ყველა კიდური ატანილი მაქვს პირველ საფეხურზე და გასწორების დროა. ამის მედი მაქვს! ჩემი დარჩენილი ძალის იმედი მაქვს!
Leave a Reply