There is Nothing to Be Ashamed of for a Clinical Diagnosis

მადლობა ყველას ვინც დამიკავშირდა, გამანდო მისი მოკლე ამბავი ან გამამხნევა, გამეგრძელებინა ეს ინიციატივა. როგორც შეგპირდით, დღეს გაგიზიარებთ ჩემს პერსპექტვას დიაგნოზის ქონის შესახებ.

ძალიან მეშინოდა, როცა დიაგნოზს ველოდებოდი. მეშინოდა, რომ PTSD-სა და დეპრესიის იარლიყს მომაწებებდნენ. მეშინოდა, რომ სამსახურში ჩემს მონაცემებს და შესაძლებლობებს ეჭვქვეშ დააყენებდნენ. არ ვიცოდი, როგორ მიმეღო დიაგნოზი. ამის ისე მეშინოდა, როგორც სიმსივნის დიაგნოზის ლოდინში შემეშინდებოდა. ეს ჩემთვის ცხოვრების შემცვლელი და საოცრად საშიში იყო. მაგრამ ცოტა დროის გასვლის შემდგე მივხვდი:

მე დიაგნოზი არ ვარ. PTSD არ არის ჩემი იდენტობის ნაწილი. არამედ, ეს არის იმ მოვლენების შედეგი, რომლებიც ცხოვრებაში გადამხდა და იმ პირობების შედეგი, რომელმაც განავითარა მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები. დიაგნოზის ცოდნამ ნათელი მოჰფინა ყველაფერს ჩემთვის. დიაგნოზმა მთლიანად ახსნა ჩემი რეაქციები ამა თუ იმ მოვლნებზე, რომლებსაც სხვები უცნაურად, ემოციურად და ინტენსიურად მიიჩნევდნენ. 

სხვათაშორის: შეუსაბამო კომუნიკაციაა, როდესაც PTSD-ს მქონე ადამიანს გეუბნებიან ან საუბარში გულისხმობენ, რომ ზედმეტად რეაგირებ და არაადეკვატურად იქცევი. 

მაგალითად, სამზარეულოში ვიყავი, როდესაც ჩემი კოლეგები, მაგიდას გარსშემორტყმულნი ბჭობდნენ და ხუმრობდნენ, როგორ დაეშანტაჟებინათ უფროსი, რომ ახალი ყავის მანქანა ეყიდა მათთვის. ერთ-ერთმა ხუმრობა შესთავაზა, რუსული გზით წასულიყვნენ და უფროსი ქალიშვილით დაეშანტაჟებინათ. ჩემთვის ეს ხუმრობა მის მოტაცებას და გაუპატიურებას ნიშნავდა. მე ცახცახი დავიწყე და მთლიანად ტანში გამაცია. მხოლოდ იმის თქმა მოვახერხე, შენ ზღვარს გადახვედი-მეთქი და სამზარეულოდან მაშინვე გავვარდი. ჯერ ტუალეტში ჩავიკეტე, მერე კაბინეტში, მაგრამ ტირილს მაინც ვერ ვაჩერებდი. რა მოხდა თქვენი აზრით?რატომ მომცა ჩემმა ტვინმა ამ რეაქციის ნება?

ხუმრობა ჩემთვის თრიგერი იყო იმ ტრავმისა, რომელმაც მე ირიბად მსგავს სიტუაციაში ყოფნა გამახსენა. ჩემმა ტვინმა ეს სიტუაცია მაშინდელივით სიცოცხლისათვის საშიშად გადათარგმნა. მე დღესაც ვფიქრობ, რომ ეს უაზრო და სექსისტური ხუმრობა იყო და რეაქცია მაინც მექნებოდა, მაგრამ ასეთი არა. ის რეაქცია კი ფლეშბექი იყო, რომელიც PTSD-ის ერთ ერთი ინტრუზიული სიმპტომია. დიაგნოზის გაგების შემდეგ შევძელი ეს ქცევა ჩემი თავისთვისაც და სხვა ადამიანებისთვსაც ამეხსნა. დიაგნოზის ქონამ მე შინაგანი თავისუფლება მომცა და შევძელი, არც მე მეწოდებინა ჩემი თავისთვის “უცნაური და ემოციური” და არც სხვებისთვის მიმეცა ამის უფლება. ეს რეაქცია იყო შედეგი იმ ტრავმისა, რომელიც ფსიქიკამ ჩაიწერა მიახლოებული გამოცდილების ქონის გამო. მე კი ამ ცუდ გამოდილებაში არანაირი პასუხისმგებლობა არ მქონია. ახლა, შენ მითხარი, რატომ უნდა შემრცხვეს ამ რეაქციის ან დიაგნოზის ქონის?

ეს ჩემი ცხოვრების ნაწილია, ეს ჩემი ისტორიაა და მე ეს მივიღე. ამიტომ, არაფერია იმაში სასირცხვილო თუკი ვინმეს მენტალური ჯანმრთელობის პრობლემის გამო დიაგნოზი დაუსვეს. ამიტომ, მოდი შევწყვიტოთ მათი შერცხვენა, ვისაც მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. შევწყვიტოთ დაეჭვება მათ შესაძლებლობებში და შევწყვიტოთ მათ “უცნაურებად” მიჩნევა.

მომავალ შეხვედრამდე!

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *