დღე მეთხუთეტე, ჩემი დაიკო

ორი კვირის შემდეგ სახლში მეც გამიშვეს ერთი ღამით. გახარებულმა და
სახლსმონატრებულმა, ჩემს დასთან აქტივობები დავგეგმე, ნამცხვარი გამოვაცხეთ, ვივარჯიშეთ, სხეულს თავისი წილი სეროტონინი გამოვამუშავებინეთ და მზიან დღეს
ტბაზეც გავისეირნეთ. თითქოს ეს ლამაზი საათები უნდა ყოფილიყო. იყო კიდეც, მაგრამ ისეთი არა, სხვა ცხოვრებაში რომ განმიცდია. ეს იყო გამიზნულად დაგეგმილი მოქმედებები, რომლებსაც ის განცდა უნდა მოეცათ, რომ სიამოვნების მიღება ჯერ კიდევ შესაძლებელი იყო. ამას უნდა შეეხსენებინა, როგორია ისევ ნორმალური ცხოვრება. შემახსენა ოდნავ, მაგრამ ისიც შემახსენა კლინიკის კედლებს გარეთ რა დოზის სტრესი და ქაოსი არსებობს და როგორი დამღლელია ეს ჩემი ტვინისთვის თურმე.

აი სიცოცხლის მომცემი კი, ჩემი და იყო. როგორ შეარჩია სამყარომ ეს ადამიანი, რომ ჩემს დად დაბადებულიყო და ჩემს გვერდით ყოფილიყო ამ სამკვდრო-სასიცოცხლო დროს?! ადამიანი, რომელიც სიცოცხლის სურვილს აფრქვევს, სითბოს გასცემს და ყველაფრით გაგრძნოინებს, შენ მნიშვნელოვანი ხარ! შენ უნდა ცხოვრობდე!!!

ჩემი პატარა დაიკო ხელს ჩაგკიდებს და ენერგიას მოგცემს სიყვარულისას, გაიცინებს და სიცილის სურვილს შეგიშეხაპუნებს ვენაში, საჭმელს გააკეთებს, სახლს დაასუფთავებს და გეუბნება, რომ შენ ზრუნვას იმსახურებ, თან დაუზარელს და დაუყვედრებელს. რა სწორად გამომიგზავნა სამყარომ იგი?

მაგრამ ჩემს მიმართ მისმა ამ მოპყრობამ მამა გამახსენა და მისი სიკვდილიც შემახსენა. ჩემი პატარა და მასაც ასე ექცეოდა, არ უნდოდა გამოეტოვებინა რამე, სანამ მამა ცოცხალი იყო. მან ის შეძლო, რომ ხე და ქვა მამას, რომელიც მე ასე მახსოვს, ხელი ჩაჰკიდა და მოეფერა, საიდუმლოებები გაანდო და ესაუბრა. ამ მოპყრობამ მამა გამახსენა და სიკვდილიც შემახსენა. მატარებელში ტბაზე მიმავალს ცრემლები წამომცვივდა და სხეული გამეთიშა.

სიკვდილის შიშით მიტევს დეპრესია. მაინც არ დავნებდები!

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *