დღე მეცხრე

კლინიკში ბევრი აქტივობები დაუგეგმავთ თერაპევტებს და ექთნებს, რომ პაციენტებმა თავშესაქცევი ან მაკურნებელი რამ იპოვონ. ასეთ აქტივობებს მიეკუთვნებოდა ნამცხვრის გამოცხობაც, რაც დიდი უღიმღამობით გავაკეთე. თუმცა ბადმინტონის სათამაშოდ დიდი ენთუზიაზმით წავედი. დარბაზში შევედი, ხალხი უკვე დაკავებული იყო ბურთის ჩოგნით აქეთ-იქით მიგდება-მოგდებაში. შევუერთდი. თამაში კარგად წავიდა, გავერთე კარგად, მაგრამ მერე დიდი ბობოქარი ქარიშხალი მოვარდა.

წამით გავიაზრე რამხელა მასკულინური ენერგიის წინააღმდეგ ვთამაშობდი, როცა დავინახე მეორე, კაცებით სავსე გუნდში რა გამალებით დაიწყეს ბურთის ცემა. დავინახე და ადამიანების ნაცვლად მონსტრი კაცები ამოვიცანი. მონსტრები, რომლებმაც დამიმახინჯეს ბავშვობა და დამაავადეს, რის გამოც მე ეხლა ამ კლინიკაში ვმკურნალობ და ჩემს მდგომარეობას აქ ფსიქიატრები პოსტ-ტრავმულ სტრესულ აშლილობას ეძახიან.

ჩოგანი დავაგდე და გუნდიდან გამოვვარდი.

– ეს ძალიან ბევრია უკვე!!! – ვუთხარი მწრთვნელს და იქვე კუთხეში იატაკზე მივჯექი წყლის ბოთლით ხელში.

– ყველაფერი კარგადაა, – ესეც ვიცრუე, როცა მწვრთნელმა ჩემი ამბავი იკითხა.

სინამდვილეში კი დიდი შავი ძალის წინაშე ვცახცახებდი და სუნთქვა მეკვროდა. ტირილი ვერ გავბედე, არადა როგორ მინდოდა… სხეული გამიშეშდა და სიამოვნებით წამოვწვებოდი კიდეც, მაგრამ თავი ხელში ავიყვანე, იქ სხვა პაციენტებიც იყვნენ და შემრცხვა. არადა, ერთი ორი ცრემლი თავისით ჩამოცვივდა ჩემს ყვრიმალებზე, როცა ჩემი ყველაზე ძლიერი შიში შემახსენა გარემომ. შიში კაცისა. “ერთხელ ბავშვობაში კატამ ძალიან შემაშინა” ასე ვპასუხობდი, როცა ჩემი კატის ფობია უნდა ამეხსნა ხოლმე ადამიანებისთვის. ახლაც სხვა ვერაფერს ვიტყვი იმ ბავშვობაგამოვლილი, სადაც კაცს შიშის მეტი არაფერი მოჰქონდა ჩემთვის. “ერთხელ კაცმა ძალიან შემაშინა”…

მამა – მონსტრი, რომელსაც საკუთარი სტრატეგიები ჰქონდა, როგორ ჩაენერგა შიში: მაღალი ღრიალით, მკვლელი მზერით, ძალის სადემონსტრაციოდ ხელის მოჭერით პატარა ბავშვის მკლავზე, დაუსრულებელი დემაგოგიით, რაც ცხადად შეიცავდა შეფასებებს და შეხსენებებს, რომ არარაობა ხარ. გავაგრძელო? მგონი საკმარისია ესეც ჩამოსათვლელად …

ბიძა 1 – მეორე მონსტრი, საშიში გუდა კაცი. მე აუცილებლად ის ფურცლები უნდა ამელაგებინა, რომელზეც პატარა ხელებით ვხატავდი ანდაც მათემატიკის განტოლებებს ვხსნიდი, თორემ იყვირებს!!! – ჩამძახოდნენ დანარჩენები. და ისიც ნამდვილად ღრიალებდა. კარაქის ჩამოჭრისას დანა თუ ამიცდებოდა, მაგაზეც სულში ჩამყვიროდა… მისი სიაც ბევრია. ეს მეორე მონსტრი კაცია, რომლის სახლში მოსვლაც ჩემი ძაგძაგის მიზეზი ხდებოდა. ისე ვიმალებოდი ოთახში, ფეხში რომ არ მოვდებოდი ვინმეს.

ბიძა 2 – ამ ბიძის სია მოკლეა, მაგრამ არანაკლებ დამანგრეველი. მისი სექსუალური შეხებები და მოფერებები 13 წლისამ გამოვცადე. გაშეშებული და არაფრის მცოდნე ვიდექი და ვერ ვინძრეოდი. როგორ მთაფლავდა? ემოციური მხარდაჭერის მოცემით მიმიტყუა. მითხრა, მამა ძალიან მკაცრი გყავს, არ ვარგაო და მე მოგცემ იმ სითბოს, რასაც ის არ გაძლევსო. ცოტა ზედმეტი სითბო მოუვიდა 13 წლის ბავშვისთვის…

პაპა – მყვირალა ან არაფრის მთქმელი ხე და ქვა…

ბაბუა – ჩუმი, არდამცველი და პასიური კაცი ოჯახში….

მე სხვა კაცი არსად მინახავს. ამ კაცების ჩამონათვლმა ჩემში კაცი მიღმიერი შიშის მომგვრელ მჩაგვრელ არსებად დამანახა და დღემდე ამ საჩუქრით დავდივარ.

ხოდა ყოველთვის, როცა ადამიანი კაცად ყოფნას დამანახებს, ან გავრბივარ ან 10 ხანჯალს ვამზადებ მათ ჩასაჩეხად.

კლინიკაში ამ შიშს უნდა უშველონ, აბა ვნახოთ რა გამოვა…

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *