დღე მეთორმეტე

ჩემი თანამცხოვრები დაბრუნდა ოთახში. სახლში გაუშვიათ საცდელად, ისევ ძველ ცხოვრებას რომ შეგუებოდა. როგორ მოვიდა? გაფართოებული და დაჭყეტილი თვალებით, უმოძრაო, ყვითელი სხეულით და გათიშული გონებით. თვითმკვლელობა მაინც უცდია, ბევრი წამალი დაულევია, მაგრამ აკანკალების შემდეგ სიკვდილის შეშინებია და ექიმებისთვის მიუმართავს.

მათ კი პირდაპირ კლინიკაში შემოაბრუნეს უკან, თან ჩემს ოთახში, სადაც კამერები ჩვენს ჯანმრთელობას იცავენ.

დავითრგუნე? არა, მაგრამ მარტოობის შიში უფრო გამიმყარდა. მარტოობის კი არა, საკუთარ თავთან მარტო დარჩენის, რადგან არ ვიცი, რას გამიმზადებს დეპრესია და მეყოფა თუ არა ძალა მოვერიო მას. ეს არის დაუძლეველი ტკივილი, რომელიც გეუბნება, რომ მომავალი არ არსებობს, არავის უყვარხარ და შენს ცხოვრებას აზრი აღარ აქვს, ამიტომ უნდა დაასრულო ის. თანაც ისეთი დამარწმუნებელია, რომ ვერც შეედავები, არგუმენტებსაც ვერ მოუყვან რაციონალურად დარჩენილი ტვინის იმ ნაწილებიდან, საიდანაც ოდნავ სუნთქვა მაინც შეგიძლია.

დამრია ხელი დეპრესიამ. ვეღარ შევეწინააღმდეგე და დავნებდი. მაგრამ დემონი რომ ვახსენე, იმას არ ვნებდები. გამალებით ვიბრძვი. მან კი ტაქტიკა შეცვალა და თვითმკვლელობის მაგიერ ახლა უკვე სიკვდილის შიშით მებრძვის. მეჩურჩულება, რომ მალე მოვკვდები, რომ დიდი დრო მაიც არ დამრჩენია და წარმომადგენინებს მოვლენებს სიკვდილის შემდეგ. ჩემი დასაფლავება და გამოტირებაც უკვე ნანახი მაქვს. როგორ გამოიგლოვებენ და გააგრძელებენ სიცოცხლეს ჩემს გარეშე, მაგასაც უკვე გადარბენით თვალი შევავლე. განსხვავება კი ისაა, რომ ჩემზე აღარ გაბრაზდებიან, რადგან ეს თავად არ გავაკეთე. ბუნებამ ასე ისურვაო, იტყვიან და გადაამუშავებენ ჩემი სიკვდილით მიყენებულ ტრავმასაც მალე.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *