Emotional validation

მოგესალმებით! დღეს მინდა თქვენთან ვისაუბრო ემოციების ვალიდიზაციის შესახებ. მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების დროს, ადამიანებს აქვთ კონკრეტული რეალობა, რომელიც სხვების რეალობისგან განსხვავდება. 

მოკლე კომენტარი მინდა აქ ჩავურთო: მე არ ვყობ ადამიანებს, როგორც დაავადებულებად და ჯანმრთელებად, არამედ მათ, ვისაც ახლა მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ მათ – ვისაც არა.

როგორც აღვნიშნე, არსებობს კონკრეტული რეალობა და ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს რეალობა არასწორია ან არაბუნებრივია. მაშინაც კი, როდესაც ჩვენ მენტალური ჯანმრთელობით არ ვიტანჯებით, ჩვენ ყველას გვაქვს საკუთარი სუბიექტური რეალობა. იმდენი სუბიექტური რეალობა არსებობს, რამდენი ადამიანიცაა ამ სამყაროში. მაშ, რატომ არ უნდა მივცეთ მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანებს მათი საკუთარი სუბიექტური რეალობის ქონის შესაძლებლობა, თუნდაც ის განსხვავებული იყოს?

ეს არ არის არაბუნებრივი!!! ეს ისეთივე ნორმალური სუბიექტური რეალობაა, როგორიც სხვების. ასე რომ, თუ ვთანხმდებით, რომ არსებობს სხვადასხვა სუბიექტური რეალობები, მნიშვნელოვანია ისიც გავიაზროთ, რომ ჩვენ უნდა მივიღოთ ეს რეალობები მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანებისგანაც და მივიღოთ მათი რეაქციები ისეთი როგორიც არის. ნებისმიერი ემოცია და რეაქცია, რაც ჩვენ გვაქვს, ვალიდურია!

ეს არის, ჩემთვის პირადად, ემოციების ვალიდიზაცია. “მე გისმენ, გხედავ და გენდობი, რაც არ უნდა თქვა, მტკივნეულია. არ არის აუცილებელი, ბოლომდე გავიგო რას ამბობ. მე მხოლოდ მიღება და შენი ემოციების პატივისცემა უნდა შემეძლოს. მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანების გადარწმუნება რამეში და ერთადერთი “სიმართლის” ჩვენება მათთვის, ემოციური ძალადობის, გასლაითინგის, მსგავსად იგრძნობა. ეს ისე იგრძნობა, თითქოს გეუბნებიან: “შენ ავად ხარ, რეალობას ვერ ხედავ. მოდი, მე გეტყვი, რა არის სიმართლე, რადგან შენ სწორად ვერ ფიქრობ.”

მაგალითად, დეპრესიის დროს არსებობს დეპრესიული და “ნორმალური” აზრები. მაშინ, როცა ღრმა დეპრესიაში ხარ, საჭიროა პროფესიონალი ან სწორი ადამიანები შენს გარშემო, რომლებსაც შეუძლიათ დაგეხმარონ, გაარჩიო, რომელი აზრებია დეპრესიული და რომელი არა. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ დეპრესიული აზრები გაქვს, ისინი იმ მომენტში მაინც სიმართლეა და რეალობაა შენთვის. ეს გრძნობა ერთადერთი სიმართლეა შენთვის. 

მაგალითად, როცა ღრმა დეპრესიაში ვიყავი, მქონდა აზრი, რომ სხვებისთვის ტვირთი ვიყავი. ამ აზრს ვერაფერს მოუხერხებ. ის არსებობს და დრო სჭირდება, რომ გაიაროს. ერთადერთი, რაც მინდოდა, რომ სხვებს ეთქვათ ჩემთვის, იყო: “მე არ ვფიქრობ, რომ შენ ტვირთი ხარ ჩემთვის.” ეს ფრაზა უკეთესია, ვიდრე: “არა, შენ ტვირთი არ ხარ. ეს არ არის კარგი აზრი. ეს არ არის პოზიტიური აზრი.” ეს უბრალოდ ძალიან მტკივნეულ იყო მოსასმენად. რადგან ჩემთვის, ტვირთად ყოფნა ერთადერთი რეალობა იყო, რომელშიც ვიმყოფებოდი. ზოგადად კი, როგორ ვუმკლავდები დეპრესიულ აზრებს, როგორ ვაცალკევებ მათ და არ ვაძლევ მათ ჩემს ქცევებზე გავლენის მოხდენის უფლებას, ეს ჩემი სამუშაოს ნაწილია. ეს არის ის, რასაც ვაკეთებთ თერაპიაზე. ამ თემაზე სასაუბროდ, მოვიწვიე ჩემი მეგობარი ტერეზა, რომელიც მზადაა, გაგიზიაროთ თავისი პირადი გამოცდილება. მოდით მოვუსმინოთ მას.

– აქ რატომ მოხვედი?

– მინდა ჩემი ხმა ხალხს გავაგონო! რადგან ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ ხალხმა იცოდეს, როგორია ჩვენი რეალობა ან როგორია ჩემი რეალობა. განსაკუთრებით ვალიდიზაციის თემა რამდენად რთულია ჩემთვის, რადგან ჩემი ემოციური ფიალა იმდენად სავსეა, რომ პატარა გადაბრუნებულმა კომენტარმაც კი შეიძლება ძალიან მატკინოს გული. 

მე არ მაქვს ტოლერანტობა მსგავსი ინტერაქციების მიმართ ურთიერთობებში, რადგან ჩემი ემოციური ჭრილობა ძალიან დიდია. ვგრძნობ, თითქოს დიდი ბავშვი ვარ და შეიძლება უბრალოდ შემეხო, და ეს ძალიან მატკენს და მაზიანებს. ამიტომ, ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ სხვებმა იცოდნენ, როგორია ეს გრძნობა და რომ ეს გრძნობა რეალურია!

როცა გავიზარდე, ჩემს მშობლებს არ ესმოდათ ჩემი რეალობა ან რეალობის ჩემეული აღქმა. წლების განმავლობაში, ბევრი სირთულე მქონდა მათთან ურთიერთობაში. მაგალითად, შფოთვითი და კვებითი დარღვევა მაწუხებდა. იმის გამბედაობა მეყო, რომ დედასთან მელაპარაკა ამის შესახებ. მისი რეაქცია კი ჩემთვის ძალიან მტკივნეული იყო. ის ყოველთვის ამბობდა: “ვერ ვუძლებ ამას ისევ და ისევ.” ან “მთელი დღე ვმუშაობდი, დავიღალე, უბრალოდ მიდი ექიმთან, არ ვიცი რა ვქნა.” მსგავსი რამეები მაფიქრებს, რომ პრობლემა მე ვარ და ეს კიდევ უფრო მაზიანებს. ვფიქრობდი: “კარგი, მივდივარ მშობელ დედასთან და ის ამბობს, რომ ამას ვერ აიტანს.”

ამიტომ, ასე დავიწყე ვალიდიზაციის თემით დაინტერესება. ჩემთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ ხალხი დაინახავს და აღიარებს ჩემს ტკივილს. მე თუ ვამბობ, რომ ცუდად ვგრძნობ თავს, არ მჭირდება, რომ ვინმემ რამე გააკეთოს. მათ ამის შეცვლა არ შეუძლიათ. ეს ჩემი გრძნობაა. უბრალოდ მინდა, მითხრან, “ვწუხვარ, რომ ასე ცუდად გრძნობ თავს. გისმენ  და მესმის შენი გასაჭირი”. მინდა, რომ უბრალოდ მომეხვიონ ან უბრალოდ კარგი სიტყვები მითხრან, რომ ჩემს ტკივილს ხედავენ და რომ ჩემი ტკივილი მათთვის რეალურია. ეს ყველაფერია, რაც მჭირდება. მეტი არაფეტრი მჭირდება. 

– აქვს შენთვის მნიშვნელობა, ვინ აკეთებს შენი ემოციების ვალიდირებას?

ზოგადად, კარგია, რომ ვინმემ კეთილი სიტყვები გითხრას, თუნდაც უცხომ. მაგრამ რაც უფრო ახლოსაა ადამიანი, მით უფრო ძლიერად მოქმედებს ჩემზე მისი სიტყვები და მადლიერი ვარ. მაგრამ, მეორე მხარე ისაა, რომ თუ ეს ადამიანები იმას მეტყვიან, რაც არ დამეხმარება, მაშინ ეს სიტყვები კიდევ უფრო მტკივნეულია, ვიდრე უცხო ადამიანს რომ რაღაც უცნაური ეთქვა.

– გარდა სიტყვებისა, არსებობს შენთვის ქმედებები, რაც განახებს, რომ შენი ემოციების ვალიდიზაცია ხდება ურთიერთობაში?

მაგალითად, როცა უცხო ადამიანი მაძლევს ყვავილს ან რაიმე სიკეთეს აკეთებს ჩემთვის, მე ვერაფერს ვერ ვგრძნობ. ჩემთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს. მაგრამ თუ ეს ადამიანი ახლობელია ჩემთვის ან მეგობარია, მისი ქმედება დიდ გავლენას ახდენს ჩემზე. მაგალითად, თუ რამე საჭმელს მიყიდის, ან როცა ცუდად ვარ საჭმელს მომაწვდის, მაშინ სიახლოვეს ვგრძნობ და ეს ძალიან სასიამოვნოა.

– როგორ უმკლავდები თუ ადამიანები ვალიდიზაციას არ უკეთებენ შენს ემოციებს?

Როგორც აღვნიშნე, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ემოციების ვალიდიზაცია. როცა გავიზარდე, ჩემი მშობლები არ მნახავდნენ ისეთს, როგორიც ვარ. ამიტომ ჩემი თვითშეფასება ძალიან დაბალია. როცა ვინმე არ იღებს ჩემს გრძნობებს და განცდებს ისეთს როგორიც არის იმ მომენტში, ჩემთვის აღიქმება ეს, როგორც ჩემი არსებობის მთლიანად უარყოფა. ამიტომ, ეს ყველაზე მტკივნეულია ჩემთვის. როცა ვინმე ჩემს ემოციებს არ სცემს პაცივს, ვგრძნობ, რომ არ ვარსებობ. 

მე თვითონ ვმუშაობ ამ თემაზე. სხვა შემთხვევაში გამოდის, რომ სხვებზე დამოკიდებული ვარ, ჩემი ღირებულება რომ ვიგრძნო. მაგრამ ამ ეტაპზე ეს ჩემთვის, სიცოცხლე-სიკვდილის თემაა.

მე:

მიხარია, რომ შენც აღნიშნე – ჩვენც გვაქვს როლი ამ საკითხში, რომ ვიმუშაოთ. მაგრამ დრო გვჭირდება, სანამ მივაღწევთ იმ ეტაპს, რომ შეიძლება ვთქვათ: – იცი რა, ზოგჯერ სულაც არ მჭირდება თქვენგან ჩემი ემოციების ვალიდიზაცია. ეს ხომ სწავლის პროცესია და შევძლებთ სხვანაირად გავუმკლავდეთ ფაქტს, რომ შეიძლება ადამიანებმა არ მიიღონ ჩვენი რეაქციები. 

დიდი მადლობა, რომ შენი ამბავი და განცდები გაგვიზიარე. ვფიქრობ, ეს ძალიან ბევრს ნიშნავს და ვფიქრობ, ეს დღეს დიდ სიმამაცეს მოითხოვს შენგან, რომ ამ თემაზე ისაუბრო. ამისთვის დიდი მადლობა.

ტერეზას ბოლო მესიჯი:

მთავარი რაც მინდა, ვთქვა, არის ის, რომ ყველა ადამიანი ცხოვრობს სხვადასხვა რეალობაში. ჩემს რეალობაში კი ჩემი ემოციების ვალიდიზაცია ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა ვფიქრობ, ეს შეიძლება ბევრ ადამიანზე განზოგადდეს. ზოგჯერ, ჩვენ ვცდილობთ დავამშვიდოთ ადამიანები, როცა ისინი თავს ცუდად გრძნობენ. ეს უმეტესწილად იმიტომ ხდება, რომ ადამიანებს ნეგატიური ემოციების ეშინიათ, როგორიცაა მაგალითად ბრაზი, სევდა და ა.შ., და სურთ, რომ სწრაფად გამოასწორონ ემოციები და რამე მოიმოქმედონ ამისთვის. მართალია ეს კარგი განზრახვით ხდება, მაგრამ ეს არ არის სწორი. 

ის, რასაც ჩემი მშობლები, განსაკუთრებით დედა, ცდილობდნენ, არ იყო სწორი. მას ეშინოდა ნეგატიური ემოციების, უნდოდა, რომ კარგად ვყოფილიყავი მაშინვე. ამიტომ ამბობდა: “იქნებ ეს ვცადოთ, იქნებ ის ვცადოთ,” არადა ხალხს უბრალოდ უნდა, რომ ემოციური მხარდაჭერა იგრძნონ, ან რეალურად ჩახუტება მიიღონ, ან უბრალოდ ვიღაცამ უთხრას, რომ ნორმალურია, თავს ცუდად გრძნობდე, ნორმალურია იყო სევდიანი. 

სინამდვილეში, ძალიან კარგია იყო სევდიანი, რადგან ეს ემოციების გათავისუფლებისა და დამუშავების გზაა. თუ ადამიანს სივრცეს არ მისცემ, იგრძნოს, რასაც გრძნობს, მაშინ მას არ ექნება სივრცე, რომ ეს დაამუშაოს და ეს არასდროს შეიცვლება. თუნდაც ბავშვობაში, თუ მშობელი არ მისცემს ბავშვს სივრცეს, რომ გადაამუშაოს ემოციები და იყოს ის, ვინც არის, ის უბრალოდ ამ განცდას ჩააჩუმებს და ისე მოიქცევა, თითქოს ყველაფერი კარგად არის. ეს კი მოგვიანებით, ცხოვრებაში, აუცილებლად ამოვა ზედაპირზე.

ვფიქრობ, მთავარი, რაც ადამიანებმა უნდა გაიგონ, არის ის, რომ თუ ვინმეს აქვს რაიმე ემოცია, განსაკუთრებით ნეგატიური ემოციები, მათ სივრცე უნდა მიეცეთ ამის საგრძნობლლად და დასამუშავებლად. ვფიქრობ, ეს ყველაზე მნიშვნელოვანი რამეა, რაც ადამიანებმა უნდა ისწავლონ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *