დილით ანა შემხვდა დერეფანში. ისიც დეპრესიით იტანჯება. უტყვი სახე ჰქონდა. მის ერთადერთ ნუგეშს მაკიაჟის გაკეთება წარმოადგენდა. ყოველ დილით 5 საათზე, როცა ძილი ერღვეოდა და დილის გამოძინებას ვერ ახერხებდა, დგებოდა თურმე და სახეს ილამაზებდა, უფრო სწორად დაღლილ და ჩაშავებულ თვალებს იმალავდა, გადათეთრებულ კანს მოწითალო ფერს აძლევდა. მაგრამ მაკიაჟი მაინც ვერ ფარავდა მის შუშის თვალებს და უსიცოცხლო გამომეტყველებას. გვერდით ჩამიარა. დილა მშვიდობისაო უნდოდა ეთქვა, ეტყობოდა, მაგრამ ძალა არ ეყო სათქმელად. უბრალოდ შემომხედა და გაიარა.
შუაღეს დერეფანში ისევ დავინახე ანა. მედდას ელაპარაკებოდა. ტიროდა. “მარტო არ ხარო”, მომესმა მედდის ნუგეშისმომცემი მცდელობა. მე კი არ ვიცი, რამდენად შველის ეს სიტყვები ამ დროს ადამიანს. მე არ მშველის!!! ჩემს სუბიექტურ რეალობას არ შეესაბამება. იმიტომ, რომ დეპრესია სხვა არაფერია, თუ არა მარტოობა და მარტოსულობა. ეს ყველაზე ძირეული და მაცოცხლებელი განცდაა ავადმყოფობის. გარედან კი ამ რეალობისთვის შეუსაბამო სიტყვები გესმის. “მარტო არ ხარ!” ჰმ… როგორ? განა მარტო არ ვდგავარ დემონების წინ? მარტო არ ვიბრძვი? განა ეტყოდნენ ამ სიტყვებს ადამიანს, რომელიც ოპერაციას იკეთებს და ბრმანაწლავი ძალიან სტკივა. განა ეტყოდნენ ამ სიტყვებს ადამიანს, რომელიც ქიმიას იტარებს ფილტვების კიბოს დასამარცხებლად? მაშინ, რატომ უნდა უშველოს ამ სიტყვებმა დეპრესიას? არ ვიცი, არ ვიცი.
Leave a Reply